ენერგეტიკული ბირჟის სრული გახსნა, რამდენადაც ცნობილია, 2027 წლის 1-ელი ივლისისთვის იგეგმება და როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით გადასახედი და უკეთ გადასაფასებელია არაერთი მომენტი.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი არ არის, გარკვეული მიზეზების გამო.

„პირველი, ბირჟაზე ვაჭრობა ნიშნავს ტრანზაქციის ღირებულების გაძვირებას, რადგან ტრანზაქციის ღირებულება ითვლება არა მხოლოდ ჩვეულებრივი კონტრაქტის ხელმოწერით, არამედ ამ შემთხვევაში, ტრანზაქციის ღირებულებაში შევა ის უბალანსობის ღირებულება, რომელსაც როგორც გენერაციის, ასევე, მოხმარების მხარე თავის თავზე იღებს. შესაბამისად, ტრანზაქციის ღირებულების გაძვირება კომპანიებისთვის ის ფინანსური დანახარჯია, რომელიც გარკვეულწილად შეფერხებაა მათი ბირჟაზე შესვლის. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თუ ტრანზაქცია დღეს, ბირჟის გარეთ, უჯდება, პირობითად, იქს თეთრი და ბირჟაზე შესვლის შემდეგ დაუჯდება 2-3 იქსი, მაშინ, რა ლოგიკაა, რომ კომპანია ბირჟაზე შევიდეს და ივაჭროს.

თუკი ტრანზაქციის ღირებულება უფრო იაფია იმ სისტემით, რომელიც დღეს გვაქვს ელექტროენერგიასთან დაკავშირებით მოხმარება-მიწოდების ნაწილში და მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ აქეთ უფრო ხელსაყრელია გენერაციის ობიექტებისთვის ელექტროენერგიის გაყიდვა, ამ ეტაპზე პერსპექტივა, ბირჟაზე რომ გაიზარდოს ტრანზაქციების რაოდენობა, ვერ ვხედავ. ამდენად, 2026 წელსაც მოსალოდნელია დაბალი აქტიურობა, რადგან კომპანიებს ბირჟაზე შესვლის ინტერესი არ აქვთ. რაც შეეხება 2027 წელს, კიდევ ერთხელ კარგად უნდა დავფიქრდეთ, რამდენად თანხვედრაშია წახალისების მექანიზმები, რომლებიც გვაქვს იმ სქემასთან, როგორიც არის დღით ადრე ვაჭრობა და ასე შემდეგ. დღეს ელექტროენერგიის ფასი განისაზღვრება ფაქტობრივად, ენერგიის თვითღირებულებით. ბირჟაზე თვითღირებულება არ არის ბაზრის მთავარი მამოძრავებელი და ფასის წარმომქმნელი, არამედ ბირჟაზე უკვე არის მოთხოვნა-მიწოდების კლასიკური სქემა - არის ჭარბი მიწოდება და არის იაფი, არის ცოტა და არის ძალიან ძვირი. არსებობს სეზონური სიჭარბეები და ამაზე ბევრი ფიქრია საჭირო.

კარგად უნდა დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რომ კი, გვჭირდება გენერაციის ობიექტები, გვჭირდება ბირჟა, მაგრამ ეს ყველაფერი ისე უნდა შევუთავსოთ ერთმანეთს, რომ საბოლოო ჯამში ენერგეტიკული სისტემა არ გავაჩეროთ“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.