მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2025 წელს საქართველოს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა ექნება. ბანკმა ახალი პროგნოზი იანვრის შუა რიცხვებში გამოაქვეყნა, რითაც მანამდე გამოთქმული 5%-იანი ზრდის მოლოდინი გაზარდა. მსოფლიო ბანკის პროგნოზზე უკეთესი მოლოდინი აქვთ საქართველოს მთავრობაში. ირაკლი კობახიძის შეფასებით, „აბსოლუტურად რეალურია, რომ ეკონომიკური ზრდის წლევანდელმა მაჩვენებელმა 10%-ს გადააჭარბოს”. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა 23 იანვარს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
როგორი იქნება მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი? საკითხზე ,,კომერსანტი“ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას ესაუბრა. სამთავრობო გუნდის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ ყველაფერი პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული. გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოს ეკონომიკის ზრდა შესაძლოა 6%-საც ვერ მიუახლოვდეს, თუ ქვეყანაში სტაბილური გარემო არ შეიქმნება. ყოფილ მინისტრს პროგნოზის გაკეთება და კონკრეტული პროცენტული მაჩვენებლის დასახელება უჭირს.
,,ძნელი სათქმელია როგორი მოლოდინი იქნება. ნებისმიერი ციფრი შეიძლება იყოს 6-სა და 10%-ს შორის. საქმე ისაა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ დალაგდება ჩვენთან პოლიტიკური სიტუაცია. ამას ექნება ძალიან დიდი გავლენა. თუ პოლიტიკური სიტუაცია და ის მღელვარება, რომელსაც დღეს ვხედავთ და დაპირისპირება დასავლეთთან დალაგდა, ეს ძალიან პოზიტიურ შედეგს გამოიღებს ეკონომიკის თვალსაზრისით. თუ არ დალაგდა ვერ გამოიღებს. ამიტომაც არის, რომ გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია და რა ციფრი დაიდება (ეკონომიკური ზრდის) ბოლოს ძნელი სათქმელია. შეიძლება იყოს 6-სა და 10-ს შორის. შეიძლება 6%-ც ვერ იყოს იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური სიტუაცია დაიძაბება. იმ შემთხვევაში თუ სასანქციო რეჟიმი გამძაფრდება.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან’’ საუბარში გიორგი ქობულია.
სამთავრობო გუნდის ყოფილი წევრი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემო პირველ რიგში ტურიზმის სექტორს დააზარალებს. არეულობის პირობებში ქვეყანა უცხოელ ვიზიტორებს დაკარგავს, რაც ეკონომიკისთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი სექტორია. მისივე განმარტებით, არასტაბილური ვითარება ქვეყანაში შიდა და უცხოური ინვესტიციების შემოსვლას შეაფერხებს. ასევე დაზარალდება უძრავი ქონების სექტორი, რადგან ადამიანები ვითარების დასტაბილურებას დაელოდებიან.
,,თუ სიტუაცია არ დალაგდა ეს მოქმედებს ტურისტების სურვილზე, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. როდესაც ტურისტი არეულობას ხედავს, რა თქმა უნდა, ერიდება ჩამოსვლას, ამიტომ შეიძლება ტურისტულმა ნაკადებმა მოიკლოს. ტურისტული ნაკადები თუ მოიკლებს, ეს იქნება მნიშვნელოვანი დარტყმა ჩვენი ეკონომიკისთვის, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სექტორი. თუ არ მოიკლო დაძაბულობამ, ინვესტიციები გარედან კი არა შიგნიდანაც, რომ დებს საქართველოს მოქალაქე და ბიზნესს ავითარებს, უფრო ფრთხილები გახდებიან. რადგან ამბობენ, რომ ჩვენ არ ვიცით რა იქნება და მოდი ცოტა ხანი დაველოდოთ. ადამიანები, რომლებსაც ბინების ყიდვა უნდათ, ისინიც დაელოდებიან. ეს უძრავი ქონების ბაზარზეც იმოქმედებს. ამ გაურკვევლობას და პოლიტიკური დაძაბულობას აქვს ნეგატიური ეფექტი ეკონომიკაზე და თუ ის დიდ ხანს გაგრძელდება უფრო ცუდი შედეგი გვექნება“, - აცხადებს გიორგი ქობულია.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის შეფასებით, სტაბილური ვითარების პირობებში, საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ ეკონომიკური ზრდა წელს 10%-ს გაუტოლდეს. გიორგი ქობულია ამბობს, რომ მთავარი ფაქტორი და მაღალი ზრდის განმაპირობებელი პოლიტიკური სტაბილურობაა.
,,ძირითადად პოლიტიკური ვითარება არის წამყვანი ფაქტორი. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ქვეყანას აქვს საშუალება 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენოს. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ რთული იქნება. წინა წლებში, როდესაც ჩვენ მივუახლოვდით 10%-იან ეკონომიკურ ზრდას, ეს იყო რუსეთიდან შემოსული კაპიტალისა და რუსეთიდან შემოსული ემიგრაციის შედეგი. მათ ფული შემოიტანეს და ბიზნესები გახსნეს. ეს ტალღა უკვე დამთავრდა. მეორე ტალღას ნამდვილად არ ველოდებით. იგივე შედეგის დადება უფრო რთული იქნება 2025-2026 წლებში. საჭიროა სტაბილურობა. დღეს ჩვენ სტაბილურობას ვერ ვხედავთ. საჭიროა შიდა სტაბილურობა, ასევე გარე ფაქტორებია. საჭიროა სტაბილურობა დასავლეთთან მიმართებაში. თუ ეს არ იქნება სიტუაცია იქნება უფრო რთული.’’- აცხადებს ,,კომერსანტთან“ საუბარში გიორგი ქობულია.