ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკურ ზრდის პროგნოზს 1 პროცენტული პუნქტით, 7%-მდე ზრდის - ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაში არის საუბარი. EBRD-ის განმარტებით, წელს საქართველოში ფაქტობრივი ზრდა არის უფრო მაღალი, ვიდრე ისინი თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რაც მნიშვნელოვანწილად ICT სექტორის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება.

ეკონომიკურ მიმოხილვაში EBRD საქართველოში ინფლაციის მზარდ ტენდენციაზეც საუბრობს, ნეგატიური ფაქტორებიდან კლებადი FDI-იც არის მოხსენიებული. პოლიტიკური თვალსაზრისით კი EBRD აღნიშნავს, რომ EU-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერება საქართველოს ეკონომიკისთვის კვლავ რისკად ნარჩუნდება, რაც, პირველ რიგში, ქვეყანაში ინვესტიციების ნაკადებზე ახდენს გავლენას.

"საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2024 წლის 9.4%-იდან 2025 წლის პირველ ნახევარში 8.3%-მდე შენელდა. ზრდას ხელს უწყობდა საკრედიტო ექსპანსია, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და განათლების სექტორების გაძლიერება და მომსახურების ექსპორტის ბუმი.

ინფლაცია, რომელიც 2024 წელს საშუალოდ 1.1% იყო, 2025 წლის იანვარ-აგვისტოში 3.5%-მდე გაიზარდა - ოდნავ მეტი, ვიდრე ეროვნული ბანკის 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებელი. ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კი უცვლელად 8%-ზე ნარჩუნდება.

ფისკალური და საგარეო პოზიციები სტაბილურად გამოიყურებოდა, რასაც მხარს უჭერს ტურიზმის მდგრადი ზრდა. თუმცა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში შემცირდა, რაც ინვესტორთა სიფრთხილის შედეგია. ამავდროულად, საერთაშორისო რეზერვები 2025 წლის აგვისტოში 5.2 მლრდ დოლარამდე გაიზარდა, რაც სამ თვეზე მეტი იმპორტის დაფარვას უზრუნველყოფს.

2025 წლისთვის ეკონომიკური ზრდა 7%-ზე არის ნავარაუდევი, ხოლო 2026-ში 5%-მდე შენელდება. პოზიტიურ რისკებს შორისაა გარე მოთხოვნის გაძლიერება და მომსახურების სექტორის სტაბილური დინამიკა. ნეგატიურ რისკებს ქმნის გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ფაქტობრივი შეჩერება დემოკრატიული უკუსვლის გამო და ინვესტორთა მზარდი სიფრთხილე.

ინვესტორთა ნდობის შესანარჩუნებლად გადამწყვეტი იქნება მაკროეკონომიკური ბუფერების შენარჩუნება და ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობა,"- აღნიშნავს EBRD.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, EBRD ასეთ პროგნოზებს აკეთებს:

სომხეთი - 5% ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი უცვლელია;

აზერბაიჯანი 2% ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი 1 პ.პ-ით შემცირებულია;

თურქეთი - 3.1% ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი 0.3 პ.პ-ით გაიზარდა;

უკრაინა - 5% ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი 0.8 პ.პ-ით შემცირდა;

რუსეთი - 1.3% ეკონომიკური ზრდა, პროგნოზი 0.2 პ.პ.-ით შემცირდა.

EBRD-ის მსგავსად, ჯერ კიდევ ივლისში, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 7.2%-მდე გაზარდა.

bm.ge