ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისათვის 28 მილიონი ევროს ოდენობის სუვერენულ სესხს გამოყოფს - ამის შესახებ ინფრომაცია EBRD- ის გვერდზე გამოქვეყნდა.
მათი ცნობით აღნიშნული ფინანსური პაკეტი 7 მილიონი ევროს გრანტსაც მოიცავს, შესაბამისად ფინანსური პაკეტის მოცულობა მთლიანად 35 მილიონი ევროს შეადგენს.
აღნიშნული ფინანსური პაკეტით მოხდება ენგურის კაშხლის სტრუქტურული მდგრადობისთვის საჭირო, გრძელვადიანი სამუშაოების, მიწისქვეშა გვირაბებისა და მილსადენის შეკეთების დაფინანსებას, რაც უზრუნველყოფს ელექტროენერგიის უფრო საიმედო ქსელს და გამომუშავებას. ამას გარდა , ინვესტიციით შემცირდება წყლის გაჟონვა სათავე გვირაბში და ხელი შეეწყობა დამატებითი განახლებადი ენერგიის წარმოებას. ეს თანხები, ასევე, მოხმარდება ინფრასტრუქტურის, მათ შორის გზების მშენებლობას კაშხლის მონიტორინგისათვის, ამასთან ერთად შეიქმნება თევზსავალი სივრცეები.
"1970-იან წლებში აშენებული, ენგურის ელექტრო სადგური და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურები, როგორც მთლიანი ენერგოკომპლექსის ნაწილი, აკმაყოფილებს ქვეყნის ელექტროენერგიის მოთხოვნილების დაახლოებით 30 პროცენტს და ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა.
EBRD-ი 1998 წლიდან ჩართულია ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციაში, რათა ხელი შეუწყოს ელექტროენერგიის იმპორტის დამოკიდებულების შემცირებას, ენერგოუსაფრთხოებას და მწვანე და მდგრად ენერგოსექტორს.
ევროკავშირი პროექტს მხარს უჭერს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის საშუალებით, რომელიც ასევე, შესაბამისობაშია მათ Global Gateway სტრატეგიასთან და მიზნად ისახავს კავშირების გაუმჯობესებას ციფრულ, ენერგეტიკულ და სატრანსპორტო სექტორებში აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში, მათ შორის საქართველოში. 1998 წლიდან, EBRD-იმ და მისმა დონორებმა ენგურის სადგურის რეაბილიტაციისათვის საერთო ჯამში გამოყეს 205 მილიონი ევრო", - ნათქვამია EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.