„არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის საქართველოში ისტორიული ვიზიტის ფარგლებში გამართულ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებზე საუბარი შეეხო იმ მიმართულებებს, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო მეტად გაძლიერება, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმის, ავიაციის სფეროებში და ასევე ინვესტიციების დამატებით მოზიდვა“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანის ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა საამიროების პრეზიდენტთან ერთად EMAAR-ისა და Eagle Hills-ის დამფუძნებლის, მოჰამედ ალაბარის საქართველოში სტუმრობას, რომელიც, მინისტრის განცხადებით, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული ინვესტორია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატის შეხვედრის შემდეგ, მარიამ ქვრივიშვილმა და მოჰამედ ალაბარმა შეთანხმებები გაცვალეს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ორი მასშტაბური საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს. დოკუმენტების გაცვლის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი, შეიხი მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანი დაესწრნენ.
„ასეთი მოცულობის, ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ისტორიული პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელება კიდევ ერთი დემონსტრირებაა, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი და ქვეყანაში არის ძალიან კარგი საინვესტიციო კლიმატი. ვიზიტის ფარგლებში საამიროების წარმომადგენლებთან განვიხილეთ შესაძლებლობები, თუ როგორ უნდა მოხდეს ინვესტიციების ზრდა საქართველოში, ისევე, როგორც ტურისტული ნაკადების ზრდა, რომ ორმა ქვეყანამ მჭიდროდ ითანამშრომლოს ერთმანეთთან და ჩვენი ეკონომიკა წლიდან წლამდე სტაბილურად და მდგრადად იზრდებოდეს“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს