მიმდინარე წლის თებერვალში თბილისში დიდუბეში 45%-ით მეტი, დიდ დიღომსა და ჩუღურეთში კი 17%-ით მეტი ბინა გაიყიდა.
Galt&Taggart-ის თბილისის უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, თბილისში გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი (მთლიანის 49.0%) დაფიქსირდა დიდი დიღმის (+17.0% წ/წ), სამგორისა (+11.5% წ/წ) და საბურთალოს (-8.2% წ/წ) რაიონებში. აღსანიშნავია, რომ გაყიდვებმა იკლო თბილისის ცენტრალურ უბნებში - ვაკეში (-11.2% წ/წ) და მთაწმინდაზე (-35.9% წ/წ).
ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები უცვლელი დარჩა - გაყიდვებში საშუალო ზომის ბინების (51-80 მ2) დომინირება, მათი ხელმისაწვდომობისა და გაქირავების სიმარტივის გამო, და ბიუჯეტური კლასის სეგმენტის ($501-800/მ2) წილის კლება, რაც გამოწვეულია მზარდი ფასებით.
რაც შეეხება ფასებს, 2024 წლის თებერვალში ბინის ფასების ზრდის დინამიკა პირველად ბაზარზე შენარჩუნდა (თვიური 0.8%-იანი და წლიური 16.5%-იანი ზრდა), მაშინ როცა მეორად ბაზარზე ფასები შემცირდა (-4.1% და -2.2% თვიური კლება ახალ და ძველ პროექტებზე, შესაბამისად).

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის თებერვალში თბილისში 3,444 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 0.9%-იანი ზრდაა იანვრის 6.3%-იანი წლიური ზრდის შემდეგ. ეს ზრდა მთლიანად გამოწვეული იყო პირველად ბაზარზე გაზრდილი ტრანზაქციების რაოდენობით (+11.8% წ/წ), მაშინ როცა მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 7.5%-ით შემცირდა. მეორად ბაზარზე გაყიდვების კლება სპეკულაციური ყიდვა-გაქირავების პერიოდის დასრულებაზე მიუთითებს, რაც გამოწვეულია ქირის, და შესაბამისად შემოსავლიანობის, ეტაპობრივი კლებით, რომლებიც ჯანსაღ დონეს უბრუნდებიან.