საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ბოლო ვაჭრობა 2024 წლის 13 ნოემბერს იყო. მას შემდეგ, არც დეკემბერში და იანვარში გარიგება ბირჟაზე არ შემდგარა. ნოემბერში, ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის ჯამური რაოდენობა მხოლოდ 483 ათასი კვტ.სთ იყო, რომლის საშუალო ფასმა კვტ.სთ-ზე ლარებში 13.9 თეთრი შეადგინა.
საკონსულტაციო კომპანია OMNIA-ს მიერ მომზადებულ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის მიმოხილვის თანახმად, გახსნიდან დეკემბრის ჩათვლით საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე ქვეყანაში გაყიდული ელექტროენერგიის მხოლოდ 0.28% ივაჭრებოდა.
კომპანიის თანახმად, მას შემდეგ რაც ბირჟა გაიხსნა, ნოემბრის ჩათვლით ბირჟაზე ჯამში 17.5 მლნ კვტ.სთ გაიყიდა, მაშინ როცა გამომუშავება ამ პერიოდში თითქმის 6 მილიარდი კვტ.სთ იყო.
საქართველოს ენერგეტიკის ბირჟაზე, რომელმაც ფუნქციონირება 2024 წლის ივნისიდან დაიწყო, ამჟამად 21 კომპანია ვაჭრობს.
ბირჟა გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე მუშაობს. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე.
ივლისიდან ვაჭრობა პლატფორმაზე სრულყოფილად უნდა დაიწყოს. დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი. სამიზნე მოდელში გათვალისწინებულია ასევე საათობრივი დაბალანსების ვალდებულება.