საქართველო და კატარი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაიწყებენ მოლაპარაკებას - პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კატარის სახელმწიფოს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ შეიხ ფეისალ ბინ თანი ალ თანისთან მისი შეხვედრისას იქნა მიღებული.
შეხვედრა ლევან დავითაშვილის კატარში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის გარშემო შედგა საუბარი, მათ შორის - საინვესტიციო, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მიმართულებით. შეხვედრაში საქართველოს მხრიდან მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.
„კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან შეხვედრისას განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი საკითხები. პრაქტიკულ დონეზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ის შეთანხმებები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, უნდა აღსრულდეს და ამისთვის შეიქმნება კონკრეტული ფორმატი. წლის განმავლობაში გვექნება უკვე ბიზნეს-დელეგაციების ვიზიტები საქართველოსა და კატარში იმისთვის, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესი იყო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას კატართან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე - ისევე, როგორც გვაქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ეს იქნება დამოუკიდებელი ფორმატი და არა მთლიანად სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის მოლაპარაკება შესაძლებელია უკვე წელს, აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმის ფარგლებში შედგეს - პირველმა ვიცე-პრემიერმა კატარის დელეგაცია თბილისში მოიწვია ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 22 -23 ოქტომბერს გაიმართება.
„რა თქმა უნდა, ეს დამატებითი სტიმული იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს კატარის დელეგაცია ეწვევა და „აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის“ ფარგლებში შედგება კონკრეტული მოლაპარაკებები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაამყარებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირებს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს დელეგაციამ პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით კატარის მეხუთე ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი ამირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის პატრონაჟითა და Bloomberg-ის მხარდაჭერით გაიმართა, მასში 2500-ზე მეტი გლობალური ლიდერი იყო წარმოდგენილი მთელი მსოფლიოდან. ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სესიაში, სადაც მომხსენებლები იყვნენ მაღალი რანგის პოლიტიკური ლიდერები და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის: კომპანია „კონოკო ფილიპსის“ თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი რაიან მ. ლენსი, კომპანია „1789“-ის ვიცე-პრეზიდენტი დონალდ ტრამპ უმცროსი, კომპანია „ჯ.პ. მორგანის“ აქტივებისა და ქონების მართვის აღმასრულებელი დირექტორი მერი კალაჰან ერდოესი და სხვები.
„კატარის ეკონომიკური ფორუმი ძალიან საინტერესო პლატფორმაა, სადაც ბევრი საერთაშორისო სტუმარი ჩამოდის - როგორც ბიზნესის, ისე მთავრობების წარმომადგენლები და საშუალება გვეძლევა, რომ საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ინფორმაცია გავუზიაროთ პოტენციურ ინვესტორებს. ძალიან საინტერესო იყო შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასთან, ევროპელებთან, რა თქმა უნდა, სპარსეთის ყურის წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ საქართველოს ეკონომიკური მიმზიდველობა ინვესტორების თვალში გაიზარდოს“, - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.