გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრ გევორგ პაპოიანს და სამთავრობო დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სოფლის მეურნეობის მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის და პრეზიდენტის ვაჰაგნ ხაჩატურიანის საქართველოში ვიზიტები, ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის მაღალი დონის პოლიტიკურ ურთიერთობებს, რაც მრავალმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებს ქმნის.
საუბარი შეეხო სურსათის უვნებლობის, ასევე, დარგობრივი, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით თანამშრომლობის და გამოცდილების გაზიარების საკითხებს.
შეხვედრას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია, სომხეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არმან ხოჯოიანი, საქართველოში სომხეთის საელჩოს წარმომადგენელი დავით ტერ მკრტჩიანი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი დავით ჩიტაიშვილი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი და სამთავრობო დელეგაციის წევრები იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის შემადგენლობაში შემავალი მინისტრები შეხვედრებს შესაბამის უწყებებში კოლეგა მინისტრებთან მართავენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს