„დაახლოებით, 15 იანვრის შემდეგ ლარი გაიქცევა, გვექნება მწვავე ინფლაციური პრობლემები,“ - ამის შესახებ ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მან ისაუბრა იმ სავარუდო სცენარზე, რაც შეიძლება მოხდეს საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით, 15 იანვრის შემდეგ იმ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ შეიცვლება.

„საახალწლო პერიოდია და ჯერ არ იგრძნობა, მაგრამ დაახლოებით 15 იანვრის შემდეგ, როდესაც იმპორტიორები მარაგების შევსებას დაიწყებენ, გაჩნდება მწვავე დეფიციტი ვალუტაზე, ლარი გაიქცევა, გვექნება მწვავე ინფლაციური პრობლემები, რაც სოციალურ პრობლემებში გადავა. ეკონომიკაში დომინოს პრინციპით იწყებს პროცესები განვითარებას.

პირველი სეგემენტი იქნება უძრავი ქონების ბაზარი, რომელსაც ეს პროცესი დაარტყამს. მითუმეტეს, რომ ფინანსური პირამიდის პრინციპია ამ სფეროში და ხელოვნურად არის გაბერილი ფასები. თბილისში ბინის სანაცვლოდ ესპანეთში ვილას იყიდი და ეს, რა თქმა უნდა, არ არის ნორმალური,“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში, რომელსაც ამერიკისგან სანქცირებული პირი მართავს, ფულს აღარავინ ჩადებს.

„პირდაპირი ინვესტიციები გაჩერებულია და ეს გასაგებია. ქვეყანაში, რომელსაც ამერიკისგან სანქცირებული პირი მართავს, ვინ ჩადებს ფულს?! რუსეთიც კი არ ჩადებს ფულს.

თუ ხელისუფალი თვლის, რომ ამასაც გაუძლებს ან გუბეში ჩაწვეს და ტალახი იქამდე გვესროლოს, სადამდეც შეეძლება, ან არ ვიცი,“ - განაცხადა ანალიტიკოსმა.

ხუხაშვილი სანქციების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ის ივანიშვილის გარემოცვაში არსებულ ბიზნესმენებსაც შეეხება.

„ეკონომიკაში სანქციების გარეშე ისედაც მძიმე პროცესები იწყება. თუ სასანქციო სია გაფართოვდა და ეს მარტო ივანიშვილს არ შეეხება, მათ შორის იქნებიან ბიზნესმენები, რომლებიც ხელისუფლების მხარეს დგანან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბიძინა ივანიშვილთან აფილირებული ადამიანების ხელშია საქართველოს ეკონომიკა და თუ ეს ადამიანები გაპრობლემდებიან, დამატებითი ეკონომიკური რისკი ჩნდება. ვერ ავცდებით ქვეყნის ზიანს და არ უნდა გვქონდეს იმის ილუზია, რომ მიკროქირურგიული ოპერაციებით მოგვარდება პრობლემა. აუცილებლად შეგვეხება, მაგრამ გავუძლებთ და აუცილებლად გადავიტანთ,“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ბიზნესპრესნიუსი