„ჩვენნაირი სახელმწიფოს მიერ ასეთი ტიპის საგრანტო სტრუქტურის შექმნა რაღაც ტიპის კითხვებს ბადებს“ - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს მთავრობის დონორების კოორდინაციის სამსახურის ყოფილმა უფროსმა თამარ რაზმაძემ წამყვანის კითხვას, რომელიც „ქართული ოცნების“ ინიციატივით, სსიპ გრანტის მართვის სააგენტოს შექმნას შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ „ოცნების“ მთავრობის ავტორობით, პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომლის თანახმად, NGO-ების ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად ახალი სსიპ-ი შეიქმნება. სსიპ-ის 2025 წლის ბიუჯეტი 20 მლნ ლარია. „სააგენტო საბიუჯეტო სახსრებს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს შერჩეულ შესაბამის საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე“ - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში, თუმცა რა იქნება შერჩევის კრიტერიუმი ჯერ არ ვიცით. “არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ," - 2024 წლის 9 სექტემბერს განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მიზეზების და კონტექსტის გათვალისწინებით, რა ამოძრავებს „ქართულ ოცნებას“? - ჰკითხა თამარ რაზმაძეს გადაცემის წამყვანმა.

„ოცნებას“ რა ამოძრავებს, არ ვიცი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი ტიპის დახმარებებში ხალხის ფული გამოვიყენოთ, ასეთი ტიპის საგრანტო სტრუქტურის შექმნა რაღაც კითხვებს ნამდვილად ბადებს; თან მაშინ, როცა არსებობს ასობით პროექტი და ძალიან ბევრი დონორული დახმარება, რომელსაც ქვეყანა იღებს. აქედან გამომდინარე, მე ვიქნებოდი სკეპტიკური, რადგან ვფიქრობ, ყველანაირი რესურსი, რომელიც შეიძლება ამ ქვეყანას ჰქონდეს, უნდა გამოვიყენოთ ეფექტიანად, მაქსიმალურად ხალხის საკეთილდღეოდ და ეს არ მეჩვენება იმ გზად, რომელიც აქამდე მიგვიყვანს... [ოცნების მხრიდან] ხშირად არის პარალელი აშშ-ის მთავრობასთან, მით უმეტეს რესპუბლიკელებთან, რომელთა მთავარი კრედოც არის - სტრუქტურების ეფექტიანობა და მცირე მთავრობა და ამ ფონზე კიდევ უფრო გაუგებარია, რატომ უნდა დაიხარჯოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან თანხა [NGO-ების დაფინანსებაზე], როცა არსებობს ბევრი დონორი ორგანიზაცია, რომელიც იმავეს აკეთებს“, - განაცხადა თამარ რაზმაძემ.

bm.ge