„ჩვენი საექსპორტო ღვინის 70-80% ერთ ქვეყანაში არ უნდა გადიოდეს“ - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „შუხმან ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნუცა აბრამიშვილი ქართული ნატურალური ღვინის ექსპორტის შემცირებას. განახლებული სტატისტიკური მონაცემებით, ღვინის ექსპორტის შემცირებაში ყველაზე დიდი წილი სწორედ რუსეთზე მოდის.

ცნობისათვის, 2025 წლის იანვარ-თებერვალში, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, ქართული ნატურალური ღვინის ექსპორტი 43%-ით შემცირდა.

რომ შევადაროთ - წლევანდელ იანვარ-თებერვალში ექსპორტზე გავიდა 9 580 ტონა ღვინო, რომლის ღირებულებამ 29.2 მლნ დოლარი შეადგინა, 2024 წლის პირველ ორ თვეში კი 16 664 ტონა, ჯამური ფასით - 47.3 მლნ დოლარი.

ექსპორტის რაოდენობრივი შემცირება გამოწვეულია რუსეთის ფაქტორით, სადაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 57%-ით ნაკლები ღვინო გავიდა - 2024-ის საექსპორტო მაჩვენებელი 13 206 ტონა იყო, წელს კი ეს რიცხვი 5 644 გახლდათ.

„ექსპორტის კლებაზე უმთავრესი გავლენა დიდწილად მხოლოდ ერთ ქვეყანაში - რუსეთში გატანილი ღვინის რაოდენობაზე მოდის. ეს ნათლად მიანიშნებს, რომ პროცესი დასაბალანსებელია. ვგულისხმობ, რომ ჩვენი საექსპორტო ღვინის 70-80% ერთ ქვეყანაში არ უნდა გადიოდეს, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. სასურველია, შედარებით უფრო პროპორციული სურათი გვქონდეს, რაც ქართველ ფერმერსა თუ კომპანიას უფრო სტაბილურ გარემოს შეუქმნის.

რაც შეეხება რუსეთში ექსპორტის შემცირების მიზეზებს, ეს შესაძლოა, ლოჯისტიკურ საკითხსაც უკავშირდებოდეს. ალბათ, კომპანიები პროდუქტის გადაზიდვისას სხვადასხვა სახის შეფერხებებს აწყდებიან.

ასევე, ქართული ღვინის მაღალი ხარისხიდან და სტატუსიდან გამომდინარე, რაც ფასსაც განაპირობებს, შეიძლება დავუშვათ, რომ რუსეთში მოთხოვნა გაჩნდა შედარებით დაბალი ხარისხისა და ღირებულების სხვა ღვინოებზე, რომლებსაც სხვა ქვეყნები აწარმოებენ.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ საუბარი გვაქვს მხოლოდ ორ თვეზე - იანვარსა და თებერვალზე. ამიტომაც წინ მთელი სეზონია და გვაქვს დაახლოებით 5-6 თვე, რათა ვითარება გამოსწორდეს და დაბალანსდეს“, - განაცხადა აბრამიშვილმა ჩვენთან საუბრისას.

www.bpn.ge