„ჩვენ ვქმნით ენერგეტიკული თანამშრომლობის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ, მომავალზე ორიენტირებულ ჩარჩოს როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ეს არის სიმბოლო, თუ როგორ შეუძლია სტრატეგიულ პარტნიორობასა და სექტორულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ თანამშრომლობას“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მე-11 მინისტერიალზე განაცხადა, რომელსაც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის, „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმების ფარგლებში, თბილისი მასპინძლობს. მინისტერიალში, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდნენ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლების მიზანი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მინისტრის განცხადებით, მინისტერიალი ოთხი პარტნიორი ქვეყნის საერთო ხედვის - დაკავშირებული, მდგრადი და ენერგეტიკულად უსაფრთხო მომავლის შექმნის მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
„ეს პროექტი არ შემოიფარგლება მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობით - ის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და გრძელვადიანი მდგრადობის საფუძველია, რომელიც შექმნის ახალ, სუფთა ენერგიის გადაცემის მარშრუტს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის, რაც მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციის გზით ურთიერთგამაძლიერებელი იქნება ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართულებით და, ასევე, გააძლიერებს რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ფართო ევროპისთვის“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მე-11 მინისტერიალზე მხარეებმა წყალქვეშა კაბელისა და მწვანე კორიდორის პროექტების სამომავლო კოორდინაციის საკითხები, ასევე შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ერთობლივი საწარმოს საქმიანობის ანგარიში განიხილეს. ღონისძიების ფარგლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა, ზვიად გაჩეჩილაძემ წარადგინა პრეზენტაცია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პროგრესის შესახებ და ისაუბრა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მიმზიდველი და განხორციელებადია. აღინიშნა, რომ პროექტი შეტანილია ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების გაერთიანების (ENTSO-E) 10 წლიანი განვითარების გეგმაში და ასევე ევროკომისიაში საერთო მნიშვნელობის პროექტების (PMI) წინასწარ შერჩეულ სიაში.
თბილისის მინისტერიალს აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ელჩები, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების, მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს