ქართული ღვინის მორიგი წარდგენა გამოფენაზე „Interwine China 2025“ გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით, 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ჩინეთი მყარად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებულია 1.12 მლნ ლიტრი ქართული ღვინო, რაც 78%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Bogvi International Trading Company Ltd“ ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ გუანჯოუში გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაზე „Interwine China 2025“ ქართული ღვინის მწარმოებელი რვა კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.
„Interwine China“ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ალკოჰოლური გამოფენაა, რომელიც 2005 წლიდან, წელიწადში ორჯერ, გაზაფხულსა და შემოდგომაზე იმართება. ყოველწლიურად გამოფენაში მონაწილეობას იღებს 500-ზე მეტი მწარმოებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და მას ათეულ ათასობით ვიზიტორი სტუმრობს: ღვინის ბაიერები, დისტრიბუტორები, რესტორნებისა და სასტუმროს ქსელების წარმომადგენლები.
გამოფენაზე წელს წარდგენილი იყო მსოფლიოს 53 ქვეყნის ღვინოპროდუქცია.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, მიმდინარე წელს ქართული ღვინო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ასევე წარმოდგენილი იყო გამოფენებზე: ,,Fine Wine Hotel Exhibition”, „The China Food & Drinks Fair“ და ,,RAW Wine Shanghai”.
ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.