შაბათს, ჩინეთ-ევროპის სატვირთო მატარებელი ცენტრალური ჩინეთიდან, კერძოდ უხანიდან, საქართველოს მიმართულებით გაემგზავრა, რითაც საქართველოს ქალაქებთან დამაკავშირებელი ახალი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი გაიხსნება. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
ჩინეთის საინფორმაციო სააგენტო „ჟონგსინშეს“ ცნობით, მატარებელი 14,82 მილიონ იუანზე (დაახლოებით 2,06 მილიონი დოლარი) მეტი ღირებულების ტვირთს გადაიტანს, მათ შორის მსუბუქ მექანიკურ აღჭურვილობას, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას და სამშენებლო მასალებს.
მატარებელი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთით, სინძიან-უიგურის ავტონომიურ რეგიონში, ხორგოსის საკონტროლო პუნქტზე გადაკვეთს საზღვარს, ყაზახეთს გაივლის, სადაც ტვირთი კასპიის ზღვის გავლით აქტაუს საზღვაო პორტში ბორანზე გადაიტვირთება, რის შემდეგაც ის აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ჩავა, საიდანაც რკინიგზით ფოთსა და თბილისამდე გადაიტანება.
უხანიდან საქართველოში საქონლის ტრანსპორტირებისას გათვალისწინებულია მულტიმოდალური სქემა: „რკინიგზა - ზღვა - რკინიგზა“, ხოლო მგზავრობის დრო დაახლოებით 18 დღეა.