დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელის ლაშა ნიკოლაძის თქმით, ბაზარზე მხოლოდ 7 კომპანიის ზრდა კარგი ტენდენცია არ არის. მან სადაზღვევო ინდუსტრიის გამოწვევებზე "საქმიანი დილის" ეთერში ისაუბრა.

ლაშა ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ აუდიტორული დასკვნებიდან გარკვეული კითხვის ნიშნები იკვეთება იგივე კაპიტალის შესაბამისობასთან დაკავშირებით.

"პირველ კვარტალში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ მიუხედავად ზოგადი დაზღვევის შემოსავლების ზრდისა, რომელიც არც თუ მცირეა, თუმცა საბოლოო ჯამში მაინც მცირე არის იგივე ევროპულთან შედარებით სადაზღვევო ციფრები საქართველოში, მაგრამ ზრდა არის, ეს კარგია. მაგრამ არის გამოკვეთილი ნეგატივებიც. პირველ კვარტალში გარკვეულ კომპანიებს ჰქონდათ მკვეთრი კლება. მეორე კვარტალის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ და მე ვიტყვი რბილად, რომ მხოლოდ შვიდ კომპანიას 19-დან უფიქსირდება ზრდა. დანარჩენი ან იქვეა ან კლებაშია 19-დან. თუ ამის დეტალურ ანალიზს გავივლით კიდე და ჩავშლით როგორი ტიპის კომპანიებს უფიქსირდება ზრდა და რამდენად ჯანსაღია ყოველ შემთხვევაში ეს ზრდა, აქ კიდე ბევრი კითხვის ნიშანია. რა მაძლევს ამის საფუძველს? ჩვენ ვისაუბრეთ წინა წლის ორ კვარტალის შედეგებზე და სამწუხაროდ პირველ კვარტალზე ვერ ვმსჯელობთ ხოლმე წინა წლის აუდიტორული დასკვნების ფინანსური ასე ვთქვათ შედეგებისა და აუდიტორული დასკვნების ანალიზი, რომელიც აჩვენებს, რომ შემთხვევებში რბილად რომ ვთქვათ, დრამატული სიტუაციაა. იყო შემთხვევები, როდესაც კაპიტალის ნაწილში, მოგეხსენებათ, რომ მინიმალური კაპიტალი შევსებული უნდა ჰქონდეს კომპანიას, ეს ყველაფერი ქვეყნდება და წლების განმავლობაში გარკვეული კომპანიების მიმართ აუდიტორების ბევრი პირობითი დასკვნის საფუძვლის პირობითობა ზუსტად აქედან მომდინარეობს, რომ რიგ შემთხვევაში კაპიტალთანაც დგას კითხვის ნიშნები.

ჩვენი შეთავაზება ზედამხედველისადმი იყო, რომ ხომ არ შეგვეზღუდა ისეთი კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერების ნაწილში, რომლებიც სისტემურ ზარალს აგენერირებს. ჯანმრთელობაში 760 000 დაზღვეულიდან თითქმის ნახევარი მილიონი სახელმწიფო ტენდერითაა დაზღვეული",- აცხადებს დაზღვევის კავშირის ხელმძღვანელი.

მან ასევე ისაუბრა სავალდებულო დაზღვევაზე და აღნიშნა, რომ კომპანიები ამისთვის მზად არიან.

"სავალდებულო დაზღვევის კომპონენტები, რომლებზეც ძალიან დიდი ხანია ვსაუბრობთ და პარლამენტში არის და უნდა განიხილონ. ძალიან ძნელია თქმა, როდის იქნება, რა იქნება. თუმცა, მე ვიტყვი, რომ სადაზღვევო მენეჯმენტი და სადაზღვევო კომპანიები ამისთვის მზად არიან და ძალიან დიდი შრომა გასწიეს ამ მხარეს იგივე ზედამხედველმა, თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სხვა სახელმწიფო აქტორებმა, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიდა", - აღნიშნა ლაშა ნიკოლაძემ.

კიდევ ერთი გამოწვევა, რაზეც ლაშა ნიკოლაძე საუბრობს ისაა, რომ არ შესრულებულა კონკურენციის სააგენტოს რეკომენდაციები ბანკებთან დაკავშირებულ სადაზღვევო კომპანიებთან დაკავშირებით.

"ჩვენ დავაყენეთ წლების წინ საბანკო სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა. კონკურენციის სააგენტომ დადო ფაქტები, ექვსი რეკომენდაცია დადო, რომ მაგალითად, გარკვეულ სახეობებში, სიცოცხლის დაზღვევაში, არის გარკვეული საკანონმდებლო შეუსაბამობა. ბაზრის დომინანტურ მდგომარეობას ვგულისხმობ და ეროვნულ ბანკში გვქონდა შეხვედრა, მათ გარკვეული რეკომენდაციები თუ სხვა რამ უნდა შეესრულებინათ, რომ ეს საკანონმდებლო ჩარჩოში მოსულიყო. ამ მიმართულებითაც ჯერჯერობით არა გვაქვს არანაირი შედეგი.

ის მცირე მოგებაშიც კი, რომელიც დაგენერირებულია წლების განმავლობაში და წელსაც ნახეთ, რომ შემცირდა 10-12 მილიონით, ორ კვარტალის შედეგი, ლომის წილი მოდის საბანკო სადაზღვევო ინდუსტრიაზე. რეგულაციები, პრაქტიკული გამოცდილებები არსებობს, არავინ არ იძახის, რომ ხმლითა და მახვილით შევარდით, მაგრამ ვხედავთ, რომ ტენდენცია ისეთია, რომ მარტო საბანკო სადაზღვევო ინდუსტრია ხეირობს.

მხოლოდ შვიდი კომპანიის ზრდა ბაზარზე არ არის კარგი ტენდენცია. ბოლო ოთხი-ხუთი წლის აუდიტორული დასკვნები არ ტოვებს კარგ ასე ვთქვათ ვითარებას",- აცხადებს ლაშა ნიკოლაძე.

bm.ge