აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობა გაზის სექტორში წარმატების მაგალითია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით,  დღეს საქართველოსთვის გაზმომარაგების კუთხით ოპტიმალური მდგომარეობა აქვს, ქვეყანა იღებს გაზს ყველა მხრიდან საუკეთესო ფასად. 

„ჩვენ, ჩვენს გადაწყვეტილებებს გაზმომარაგების კუთხით ვიღებთ საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ანუ, ქვეყანა იღებს გაზს ყველა მიმართულებით ისე, რომ მივიღოთ ოპტიმალურად იაფ ფასად. ეს, არის თუ არა საქართველოს ინტერესი? ვფიქრობ, არის. ეს, არის თუ არა ჩვენი ბიზნესსექტორის ინტერესი? ვფიქრობ, არის.

ჩვენ, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ საქართველოს ინტერესებს, რაც გულისხმობს, რომ კომერციულად მივიღოთ უკეთესი პირობები და ასევე, უსაფრთხოების კუთხითაც, გვქონდეს დაბალანსებული სიტუაცია. მინდა გითხრათ, რომ აზერბაიჯანთან ჩვენი ურთიერთობა გაზის სექტორში წარმატების მაგალითია. ვფიქრობ, რომ ეს არის სანიმუშო ჩვენი წლების განმავლობაში თანამშრომლობა. ამ მხრივ, გაზის მომარაგების კუთხით ამ წლების განმავლობაში კითხვაც კი არ არსებობს ჩვენს შორის. ჩვენთვის, თუ ეს უფრო საინტერესოა, რომ შევამციროთ, მაშინ შევამცირებთ. თუ აზერბაიჯანს არ შეუძლია და ჩვენ ამით მოხმარების შემცირებით ვეხმარებით, ესეც ნიშნავს, რომ პასუხისმგებლიანი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს.

ეს გადაწყვეტილებები იყო კოორდინირებული აზერბაიჯანთან. სახელმწიფომ მიიღო მეტი გაზი უფრო იაფად. მესამე, ევროპისთვის ჩვენ არაერთხელ გვიჩვენებია თანადგომა ენერგოუსაფრთხოების კუთხით. აქაც, ჩვენ გავითვალისწინეთ ევროპელი პარტნიორების ინტერესები. ამიტომ, ყველა მხარის ინტერესი ამ შემთხვევაში იყო დაბალანსებული. რაც შეეხება მოწოდების საკითხებს, აზერბაიჯანი გეგმავს, რომ „ყაზახზე" შესაძლებლობები გაიზარდოს. იცით, რომ ამ გაზსადენზე შესაძლებლობები შეზღუდულია. აზერბაიჯანი თუ შეძლებს ამ ზრდას, მაშინ ჩვენ შეგვეძლება, მეტი გაზი მივიღოთ აზერბაიჯანიდან. წლებია, ამაზეა საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და ეს უკვე აქტიური, მიმდინარე გეგმის ნაწილია. ეს, მათი ინვესტიციებით უნდა მოხდეს, იმიტომ რომ არის აზერბაიჯანის მხარეს. ასევე, აზერბაიჯანი აპირებს დამატებით ინვესტიციებს, რომ ჰქონდეს მეტი მოპოვება. ამიტომ, როცა ეს დისბალანსი აღმოიფხვრება, იმ შემთხვევაში, როცა ჩვენთვის სასიკეთო კონიუნქტურა იქნება, ჩვენ აზერბაიჯანიდან შეგვეძლება მეტი გაზი მივიღოთ. ჩვენ, დღეს მდგომარეობა რაშიც ვართ ოპტიმალურია", - განაცხადა დავითაშვილმა.