2025 წლიდან მსუბუქი ავტომობილების ტექინსპექტირების საფასურმა შესაძლოა, 30 ლარით მოიმატოს და 60 ლარის ნაცვლად 90 ლარი გახდეს. როგორც საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ ისაუბრა, ფასის მატება რამდენიმე მიზეზმა გამოიწვია.

„ინსპექტირების ცენტრებს ბოლო პერიოდში ხარჯები გაეზარდათ. ცენტრებს, კვალიფიციური კადრების არსებული ხელფასებით შეკავება სამუშაო ადგილზე უჭირთ, ისინი არამხოლოდ სხვა სამსახურში არამედ ხშირად სხვა ქვეყნებშიც მიდიან. კვალიფიციური ინსპექტორის მომზადება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან, მან უნდა გაიაროს სტაჟირება, ტრენინგი, შესაბამისი გამოცდა და ა.შ. რაც ხარჯს ზრდის.

გარდა ამისა, რეფორმის დაწყებიდან 5 წელი გავიდა და ის ტექნიკური აღჭურვა რაც ინსპექტირების ცენტრებში არის, საჭიროებს შეცვლას ან განახლებას, ესეც ხარჯებთან კავშირშია. მესამე ფაქტორი რამაც საფასურის ზრდა გამოიწვია, არის ინფლაცია და ლარის სიმყარე, რომელიც მაშინ სხვა იყო და ახლა სხვა ნიშნულზეა. მეოთხე მიზეზი კი არის ის, რომ ზოგადად ავტომობილთან დაკავშირებით ყველა სერვისი არის გაძვირებული, მათ შორის ნომრის აღება თუ ავტომომსახურება“, - ამბობს დავით მესხიშვილი.

მისი თქმით, საფასურის ზრდას, მიმართვიანობაზე გავლენა არ ექნება, თუმცა ამ ფაქტმა შესაძლოა ცენტრების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და კვალიფიციური კადრების ზრდა გამოიწვიოს.

„რაც შეეხება მიმართვიანობას, მასზე გავლენა არ ექნება, წელიწადში ერთხელ ავტომობილის ტექნიკური გამართულობის შემოწმება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის აუცილებელია. ინსპექტირება არის ისეთი რამ, სადაც შეგვიძლია დავადგინოთ ისეთი ხარვეზი, რომელმაც ადამიანების სიცოცხლეს შეუძლია შეუქმნას საფრთხე, პრევენციული ღონისძიებაა და არა სადამსჯელო, ამიტომ აუცილებელია. საფასურის ზრდა, დადებითად აისახება ინსპექტირების ცენტრების ინფრასტრუქტურაზეც და კვალიფიციური კადრის შენარჩუნებაზე და ზრდაზე“, - ამბობს მესხიშვილი.

დავით მესხიშვილმა 2025 წლიდან ტექინსპექტირების ცენტრები მონიტორინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიზნესს აქვს დადებითი მოლოდინი და იმედოვნებენ, რომ ეს იქნება რეალურად ხარისხის კონტროლი.