გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში პლასტმასის ბოთლებით სასმელების რეალიზაციის ახალი რეგულაციის პროექტზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა და მინისტრის მოადგილეებმა სოლომონ პავლიაშვილმა და ზურაბ ეზუგბაიამ მეწარმეებს დაგეგმილი ცვლილებები გააცნეს. ინიციატივა ერთდროულად ემსახურება გარემოსდაცვითი მიზნების გაძლიერებას და ბიზნესისთვის თანმიმდევრული, პრაქტიკული მხარდაჭერის მექანიზმების ჩამოყალიბებას, რათა სექტორმა ცვლილებებთან ადაპტაცია შეძლოს.
მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის განცხადებით, სამინისტრო ახორციელებს რეფორმას, რომლის ამოცანაა სურსათთან და სასმელთან უშუალო შემხებლობაში მყოფი პლასტმასის გამოყენების შემცირება.
„აუცილებელია, ეტაპობრივად დავიწყოთ პლასტმასის ბოთლების მოხმარების რეგულირება. მოგეხსენებათ, საბიუჯეტო სექტორში მათი გამოყენების შეზღუდვა იგეგმება. მომდევნო ეტაპზე კი, რეგულაციები უნდა გავრცელდეს რესტორნებსა და კვების ობიექტებზე. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ბიზნესთან და ვცდილობთ, ყველა ნაბიჯი იყოს მათთან შეთანხმებული. მხოლოდ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ და კერძო სექტორთან კოორდინაციით შევძლებთ ეფექტიანი რეგულაციების შემუშავებას და აღსრულებას”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, რომელმაც ხაზი გაუსვა ინიციატივის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ასოციაცია მზად არის პროცესში აქტიურად ჩაერთოს.
„პლასტიკის მოხმარების შემცირების მიმართულებით თანმიმდევრულად მივდივართ. მნიშვნელოვანია, საერთო მიზანს მივაღწიოთ მჭიდრო კომუნიკაციის მეშვეობით ბიზნესთან. გადაწყვეტილებებმა მინიმალური გავლენა უნდა იქონიოს როგორც ბიზნესზე, ისე მომხმარებელზე. მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა და ყველა ჩართული მხარის მოსაზრების გათვალისწინება, რათა მიღებული გადაწყვეტილებები იყოს გონივრული, დაბალანსებული და ეფექტიანი“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
შეხვედრაზე განიხილეს ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს სასმლის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვის შეზღუდვას საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის და სტუმარმასპინძლობის სექტორისთვის. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პლასტმასის მოხმარების შემცირებას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგულაციის ეტაპობრივად ამოქმედების ვადებს, რათა სექტორს ჰქონდეს საკმარისი დრო ახალი წესებთან ადაპტაციისთვის.
ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით კონსულტაციების მიზნით ბიზნესსექტორთან სამუშაო შეხვედრები გაგრძელდება.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს