Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატებისგან USAID-ის გავლით მიღებული დაფინანსება საქართველოს გრძელვადიანად არ შეუწყდება, თუმცა ფინანსები, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში იყო გამოყოფილი, დიდხანს შეჩერდება. ამის შესახებ გიორგი ციკოლიამ, საქართველოს ყოფილმა დესპანმა აშშ-ში, "ანალიტიკას" ეთერში ისაუბრა.

"საუბარი არ არის დაფინანსების გრძელვადიან შეჩერებაზე, არამედ იმაზე, თუ რა პროგრამები იქნება დაფინანსებული დღევანდელი ადმინისტრაციის პრიორიტეტებიდან და შეფასების კრიტერიუმებიდან გამომდინარე. შესაბამისად მგონია, რომ არსებული პროგრამები გადახალისდება, სახეს შეიცვლის, მაგრამ დაფინანსების გრძელვადიანად შეწყვეტის მოლოდინი არ მაქვს.

უფრო მეტად მგონია, რომ, რადგან აშშ-სთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა შეჩერებულია, ძალიან ბევრი პროგრამა და დაფინანსება, რომლებიც კონგრესის მხრიდან იყო გამოყოფილი, უფრო დიდხანს შეჩერდება", - ამბობს გიორგი ციკოლია.

საგარეო დაფინანსებაზე საუბრისას იგი აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ეკონომიკური პროცესების მონაწილე იყოს და მხოლოდ შიდა რესურსებზე არ კონცენტრირდეს, რაც ქვეყანას წარმატებას ვერ მოუტანდა.

"ჩვენი ქვეყნის გარეთ პარტნიორობის გაზრდის ნაცვლად, თუ მის შემცირებაზე ვისაუბრებთ, ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით, რადგან ჩვენი ეკონომიკური განვითარება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორი ურთიერთობა გვაქვს უახლოეს რეგიონსა და მსოფლიოსთან და რამდენად აქტიურად ვართ ამ პროცესებში ჩართული.

ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა, თუ მხოლოდ იმაზე ვიქნებით ორიენტირებული, არსებული რესურსებით როგორ შევქმნათ გარკვეული დოვლათი, წინ დიდად ვერ წავიწევით, ამის საშუალებას ბუნებრივი, ადამიანური თუ გეოგრაფიული რესურსები არ იძლევა, თუმცა მანდაც არის კარგი რესურსები, რომელიც, იმედი მაქვს იქნება გამოყენებული. მაგალითად, საქართველოს ბანკის დეპოზიტებზე დღეს დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი დევს. თუ ვინმემ, მთავრობამ, ან კერძო სექტორმა, ან ერთობლივად, მოიფიქრა გზა, როგორ შეიძლება ამ დეპოზიტების 10%-ის რეალურ ეკონომიკაში გადანაცვლება, გამოვა 2 მილიარდი დოლარი, რასაც ეკონომიკაზე გრძელვადიანი ეფექტი ექნება, მას საშუალოდ 4-5%-ით გაზრდის წელიწადში. მაგრამ ამისთვის ბევრი რამ არის საჭირო", - აცხადებს გიორგი ციკოლია.

წყარო: bm.ge