დეველოპერული კომპანია ''Emaar Properties/Eagle Hills''-ი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ღირებულების უმსხვილეს ინვესტიციას განახორციელებს. შეთანხმება მიღწეულია და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმებულია. ხელმოწერის ცერემონია ირაკლი კობახიძის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ვიზიტის ფარგლებში საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართა. შეთანხმება თბილისსა და გონიოში ორი მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას გულისხმობს. დეველოპერული კომპანია ''Emaar Properties/Eagle Hills''-ს, რომელიც საქართველოში 6 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ჩადებს, სწორედ ის დეველოპერია, რომელმაც დუბაიში ბურჯ-ხალიფა ააშენა.

რას აძლევს უმსხვილესი უცხოური ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკას? კითხვით ,,კომერსანტმა“ ეკონომიკის ყოფილ მინისტრს გიორგი ქობულიას მიმართა. სამთავრობო გუნდის ყოფილი წევრი აცხადებს, რომ ამ მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოს ეკონომიკაში წლებია არ შემოსულა. გიორგი ქობულია განმარტავს, რომ საქართველოში უცხოურ ინვესტიციებს ძირითადად ქართველი ბიზნესმენები ახორციელებენ, რომლებსაც კომპანიები საზღვარგარეთ აქვთ რეგისტრირებული, თუმცა მათ მიერ ჩადებული თანხა პირდაპირ უცხოურ ინვესტიციად არ უნდა ჩაითვალოს. სწორედ ამიტომ, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ხაზს უსვამს, რომ ეს ნამდვილად პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იქნება, რომლის უზარმაზარი მოცულობაც საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს.

,,მე დანამდვილებით არ ვიცი ეს რამდენად რეალურია, რა პირობებია, რა ხანგრძლივობაა ამ ინვესტიციის, მაგრამ მთლიანობაში 6 მილიარდი დოლარი საქართველოსთვის როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ეს არის უზარმაზარი თანხა, რომელსაც ექნება ძალიან დიდი გავლენა ჩვენს ეკონომიკაზე. მთლიანობაში, რომ წარმოვიდგინოთ ასეთი თანხა ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მთლიანობაში არ შემოსულა როგორც პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. ზოგადად, ძალიან დიდი ნაწილი ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეს არის უკვე საქართველოში არსებული კომპანიები, რომლებსაც პრინციპში ქართველები ფლობენ, მაგრამ დარეგისტრირებულია უცხოეთში. ძირითადად ამ კომპანიების მოგების რეინვესტირება ხდება. ჩვენთან უცხოური ინვესტიციების ძირითადი ნაწილი ისევ და ისევ ქართველების ჩადებულია. უბრალოდ კომპანიები გაფორმებული აქვთ როგორც უცხოური. ეს იქნება ნამდვილი უცხოური პირდაპირი ინვესტიცია, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. ჩვენთან ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ნამდვილი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა ძალიან დიდი ხნის წინ, როდესაც ბრიტიშ პეტროლიუმი (BP) გაზსადენს და ნავთობსადენს აშენებდა საქართველოს გავლით. მას შემდეგ, ასეთი მოცულობის ინვესტიცია არ განხორციელებულა და ეს იქნება იმაზე მეტი, ვიდრე განხორციელდა BP-ის მიერ. თუ რა თქმა უნდა ყველაფერი სიმართლეს შეესაბამება. ისევ და ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებ პრემიერის სიტყვებს, მაგრამ მე ჩახედული არ ვარ პირობებში ამ ინვესტიციის.’’- აცხადებს გიორგი ქობულია.

გიორგი ქობულია აღნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოში ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებას შეუწყობს ხელს.

,,ეს საკმაოდ დიდ ბიძგს მისცემს განსაკუთრებით ვალუტის შემოდინების თვალსაზრისით. რაც ჩვენ რეალურად მაინც გვაქვს უფრო მეტი იმპორტი, ვიდრე ექსპორტი. ამიტომ, ჩვენ რაღაცნაირად უნდა დავხუროთ სავალუტო განსხვავება იმპორტსა და ექსპორტს შორის. ასეთი ინვესტიცია მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ვალუტის შევსების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ინვესტირება ხდება უძრავი ქონების დეველოპმენტში, რაც რა თქმა უნდა დაკავშირებულია მრავალი სამუშაო ადგილის შექმნასთან.’’- აცხადებს გიორგი ქობულია.

დეველოპერული კომპანია ,,Emaar Properties/Eagle Hills''-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხოლო კომპანიის მხრიდან დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.