მსოფლიო ბანკის პროგნოზს, რომლის მიხედვითაც 2025 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6% იქნება არარელევანტურს უწოდებს ეკონომისტი დავით კიკვიძე. ,,კომერსანტთან’’ საუბარში ექსპერტი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით საეჭვოა, რომ ზრდამ აღნიშნულ ნიშნულს მიაღწიოს. დავით კიკვიძე რამდენიმე ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას. მათ შორის არის გაუფასურებული ეროვნული ვალუტა, რასაც ეკონომისტის შეფასებით ინფლაციური პროცესები მოჰყვება. ეს კი საბოლოოდ ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად აისახება.
,,არ მინდა მსოფლიო ბანკის კომპეტენციაში ეჭვი შევიტანო და თავისთავად, ვერც შევიტან. თუმცა არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ეკონომიკური ზრდის 6%-მდე გაუმჯობესება არ ვიცი რამდენად რელევანტურია. მით უმეტეს, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ლარის კურსის გაუფასურება მიმდინარეობს. ეს პირდაპირ პროპორციულად მოკლევადიან პერიოდში, ძალიან მალე აისახება ინფლაციურ პროცესებზე, რომლის შეჩერების მიმართულებით ეროვნულ ბანკს მოუწევს მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. მათ შორის, ეს იქნება სავარაუდოდ, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა. რაც თავის თავად ეკონომიკურ პროცესებზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს. შეამცირებს ერთობლივ მოთხოვნას. რამაც მერე საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციური პროცესების შეჩერება უნდა გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე (ეს ჩემი პროგნოზია, რა თქმა უნდა) ცოტა რთულად წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ქვეყანამ მაინც ეკონომიკურ ზრდას მიაღწიოს. განსაკუთრებით 6%-იან მაჩვენებელს. მთლიანობაში, ჩემი შეფასებით ცოტა რთული იქნება ასეთი შედეგების მიღება, თუმცა ალბათ უნდა დაველოდოთ მოვლენებს.’’- აცხადებს დავით კიკვიძე.
ეკონომისტს ვკითხეთ, როგორია მისი პროგნოზი? რამდენ %-იან ზრდას მიაღწევს მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა? დავით კიკვიძე განმარტავს, რომ აღნიშნული მაჩვენებლის გამოთვლა კომპლექსური და რთული პროცესია, რის გამოც მას კონკრეტული რიცხვის დასახელება უჭირს.
,,ძალიან გამიჭირდება კონკრეტული მაჩვენებლის დასახელება. იმიტომ, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის დათვლა საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია. განსაკუთრებით აღსანიშნავია ე.წ. სხვა თანაბარი პირობები, რომელიც გულისხმობს ეკონომიკაში მეტ-ნაკლებად სტაბილური მდგომარეობის გათვალისწინებას და არა ეკონომიკური და პოლიტიკური არეულობის გათვალისწინებას. იმიტომ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია მსგავსი ტიპის მაკროეკონომიკური მაჩვენებლების დათვლა არეული და არასტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით. შესაბამისად, ეჭვი მაქვს, რომ მსოფლიო ბანკის ეს გათვლები ზუსტად დაფუძნებულია ე.წ. სხვა თანაბარი პირობების გათვალისწინებით, რომელიც ითვალისწინებს გარკვეულ სტაბილურ მდგომარეობას. ამიტომ შევაფასო, ეკონომიკური ზრდის რა მაჩვენებელი გვექნება ძალიან გამიჭირდება.’’- განმარტავს დავით კიკვიძე.
მსოფლიო ბანკმა(WB) 2025 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა. ორგანიზაციის განახლებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა წელს, 6%-ით გაიზრდება. ივნისში გამოქვეყნებული პროგნოზით, ქვეყნის ეკონომიკა წელს 5%-ით უნდა გაზრდილიყო.