ანაკლიის პორტისა და პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობა დაახლოებით ერთ პერიოდში დაიწყება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატ დავით კოდუას კითხვაზე, თუ როდის დაიწყება ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზის მშენებლობა, რადგან „ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზაა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასაც შეუწყობს ხელს“, მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ გზის მშენებლობა 2026 წლამდე გადაიწევს.

„2025 წლის ბიუჯეტზე მუშაობისას ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმოდგენილი ჰქონდა პროექტის დაწყება, თუმცა არსებული რესურსებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ტექნიკურ ნაწილში მოემზადება ამ გზის მშენებლობის დასაწყებად და სამუშაოები 2026 წლიდან დაიწყება. პორტის და გზის მშენებლობა დაახლოებით ერთ პერიოდში დაიწყება“, - განაცხადა კაკაურიძემ.