ანაკლიის პორტი არამხოლოდ ლოგისტიკური სატრანსპორტო დანიშნულების ობიექტია, არამედ ის არის ახალი ბიძგის მიმცემი საწარმოო განვითარების, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ანაკლიის პორტში 600 ჰა-ზე მეტი ტერიტორია, თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნისთვის იქნება გამოყოფილი.
"თიზ-ის შექმნა პირველ რიგში შეღავათს მისცემს სატრანსპორტო ლოგისტიკურ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებულები იქნებიან პორტის საქმიანობასთან. გარდა ამისა, ის მეწარმეები, რომლებიც აპირებენ ექსპორტზე გაიტანონ თავიანთი პროდუქცია მიიღებენ იმ შეღავათებს, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში დაწესდება. რა თქმა უნდა, ეს იქნება ახალი ბიძგი და ე.წ. ბუმი საწარმოების განვითარების, ეკონომიკის ზრდის და დასაქმების რეგიონში.
2029 წელს ველოდებით გემის მიღებას, თუმცა მაქვს მოლოდინი, რომ უფრო ადრე შეგვეძლება ამის განხორციელება. პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ პოტენციურ ტვირთმფლობელებთან და მემორანდუმების გაფორმება უკვე ამ კვირაში დაიწყება. ჯერჯერობით გარდა საკონტეინერო მდგენელისა, რომელზედაც არის წინასწარი კვლევა გაკეთებული, დაახლოებით, 3 მლნ. ტონას მოვუყარეთ ამ მემორანდუმებით თავი და ეს არ არის სრული სია. ჯერჯერობით, კომპანიების დასახელებისგან თავს შევიკავებ. აქ ლაპარაკია იმ ტრადიციულ ქვეყნებზე, რომლებიც მოიაზრება შავი ზღვის აუზში და რომელსაც შავი ზღვა ემსახურება როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მიმართულებით. როგორც კი დავასრულებთ ამ პროცესს გავასაჯაროებთ აღნიშნულ ინფორმაციას", - აცხადებს გურამ გურამიშვილი.
შეგახსენებთ, ანაკლიის პორტის მშენებლობა დაიწყო. როგორც გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირება - მშენებლობის დაწყების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, პროექტის პირველ ფაზაზე, უშუალოდ მშენებლობის პროცესში, სამშენებლო და ლოგისტიკურ სამუშაოებზე 500-მდე ადამიანი დასაქმდება. „ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებული ბელგიური კომპანია Jan De Nul გეგმის თანახმად, 16 სექტემბრიდან, უკვე შეუდგა სამუშაოებს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია ნავსადგურის აკვატორიის ზღვის ფსკერის გაღრმავება და ინტენსიური სამუშაოების შედეგად, უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს,"-განაცხადა კობახიძემ.
მისივე განცხადებით, პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება, საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება კი 600 მლნ დოლარს შეადგენს.