ქვეყანაში ქერის და ხორბლის აღების პროცესი დაიწყო. არასახარბიელო კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ფერმერები ხორბლის ხარისხთან მიმართებით გამოწვევებს ელოდებიან, თუმცა ამბობენ, რომ მოსავალი რაოდენობრივად გასულ წელთან შედარებით უფრო მეტი იქნება.

“წინასწარ მონაცემებით ხორბლის მოსავალი იქნება საშუალო და შეიძლება საშუალოზე მეტი, წინასწარ ამას ვერავინ განსაზღვრავს, უნდა შეუწყოს ხელი ამინდებმა, მოსავლის აღების პროცესებმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

მოსავლის აღება დაიწყო ალაზნის ველზე, სამწუხაროდ. იქ წვიმები იყო და შესაბამისად ხორბლის ხარისხობრივი მაჩვენებელი არც თუ ისე სახარბიელოა, მაგრამ გადმოსვლა ხდება ამ დღეებში სხვა რაიონებში და იქ იმედი მაინც არის, რომ უკეთესი ხარისხიანი ხორბალი იქნება.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხარისხი, რომელიც ვთქვათ ალაზნის ველზე იყო, იქნება ის, რომ ვთქვათ რეალიზებადი არ იქნება, იმიტომ, რომ ეს არის ნაწილი სასურსათო, ნაწილის საფურაჟე ხორბალი, შესაბამისად სასურსათოს მივიღებთ ჩვენ, საფურაჟეს მიიღებს ის კომპანიები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა სექტორში, მეფრინველეობაში, მეცხოველეობაში და ასე შემდეგ”, - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა.

ფასი ტრადიციულად ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იქნება, ამბობენ ფერმერები. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ხორბლის ღირებულება ბაზრის ტენდენციებზეა დამოკიდებული, თუმცა ამ მოცემულობით 1 კგ ჩასაბარებელი ხორბლის ფასი კახეთში 70 თეთრია, რაც მისი შეფასებით, დამაკმაყოფილებელი ფასია. სილაგავას ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მუშაობას დაიწყებს შტაბი, რომელსაც კოორდინაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო გაუწევს, თუმცა პროცესში ჩართულები იქნებიან როგორც ფერმერები, ისე წისქვილკომბინატები და პურის მწარმოებლები.

“ყველას აწუხებს ფასის საკითხი. დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერ რუსეთში არ არის ძალაში შესული მთლიანად ხორბლის აღების პროცესი, შესაბამისად ვიცით, რომ მსოფლიოში და მათ შორის რეგიონალურად რუსეთის ხორბალი, ექსპორტზე გატანილი ძალიან დიდ ფაქტორს თამაშობს ფასთან მიმართებით, მათ შორის ჩვენთან. შესაბამისად იმპორტის შესაბამისი იქნება ფასი საქართველოში, ანუ ასე ყალიბდება ისტორიულად ჩვენთან ფასი. დღეს მოცემული სიტუაციით მისაღები ფასი არის თვითონ ადგილზე, კახეთში მაგალითად, დაახლოებით 70 თეთრი ღირს 1 კგ, რაც შარშანდელზე დაახლოებით 10 თეთრით მეტია. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია ფასმა მოიკლოს, მოიმატოს, შესაბამისად ეს დაკავშირებული იქნება უკვე მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებთან.”-აცხადებს ლევან სილაგავა.

bm.ge