„ჩვენებს (პურ-პროდუქტების კომპანიებს), ძირითადად ჰყავთ ეს ძველი მანქანები და გადაკეთებული. ახალი მანქანები ღირს 25 ათასი დოლარი, ვინ არის მაგის მყიდველი?!,“ - ასე ეხმაურება „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის იანვრიდან, 2013 წლამდე გამოშვებული ავტობუსები, სატვირთო მანქანები, ასევე სამედიცინო დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებები საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება. შეგახსენებთ, იმასაც რომ ეს შეზღუდვა მსუბუქი ავტომობილებისთვის საქართველოში 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდა.
როგორც მალხაზ დოლიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ახალი მანქანები კარგია, თუმცა, კომპანიებისთვის ეს კიდევ დამატებითი პრობლემა გაჩნდა.
„შემოვიდა კანონი, რომ თბილისში არ შეიძლება შემოვიყვანო 2013 წლამდე გამოშვებული მანქანები. ანუ, ძველი ავტომობილების გამოყენება რომ შეიზღუდოს. ვეთანხმები, ძალიან კარგია, რომ ძველი არ იყოს, მაგრამ ჩვენებს (პურ-პროდუქტების კომპანიებს) ძირითადად ჰყავთ ეს ძველი მანქანები და გადაკეთებული. ახალი მანქანები ღირს 25 ათასი დოლარი, ვინ არის მაგის მყიდველი?! რა, ლიზინგით გვაძლევენ?! მაშინ, ამ ხალხს სესხი გაუკეთონ უპროცენტო, ან დაბალპროცენტიანი. ესეც კიდევ ერთი პრობლემა გაჩნდა. საშინელება ხდება.
ადრე კანონს რომ იღებდნენ, დაგვიძახებდნენ და გვეუბნებოდნენ, ამის მიღებას ვაპირებთ, ვიმსჯელებდით, ჩვენც ვეტყოდით ჩვენსას და ამის შემდეგ გამოიტანდნენ დასამტკიცებლად. ახლა უცებ მიიღებენ და არც ვიცით საერთოდ რა კანონია,“ - ამბობს მალხაზ დოლიძე.
ცნობისთვის, ეს შეზღუდვა საქართველოს ევრო-5 სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებით წესდება. ევრო-5 არის ეკოლოგიური სტანდარტი, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება როგორც ქვეყანაში უკვე მყოფ სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებს, ასევე ამ კატეგორიის იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.