გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ვაშლის მოსავლის აღება-დაბინავების მიმდინარე საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია ქ. გორში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მოისმინა.
„აგროწარმოების ზრდის ხელშეწყობისთვის, სახელმწიფო მიზნობრივ პროგრამებს და აქტივობებს უწყვეტად ახორციელებს. ამ ეტაპზე, ვაშლის მოსავლის დაბინავების ხელშეწყობისთვის, ავამოქმედეთ სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ფერმერებმა სრულად შეძლონ მოსავლის დაბინავება და მიიღონ შემოსავალი. ამავდროულად, პროცესის ორგანიზებულად წარმართვის მიზნით, გახსნილი გვაქვს საკოორდინაციო შტაბი“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
შტაბში გამართულ სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღინიშნა, რომ მეწარმეები არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშემწყობი პროგრამით და საკოორდინაციო შტაბის გამართული მუშაობით კმაყოფილები არიან. მიმდინარე წელს გამოწვევაა მუშახელი, რის გამოც ვაშლის კრეფის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ვაშლის რეალიზაციის და წარმოების ხელშეწყობის მიზნით, 9 სექტემბრიდან „არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2025 წლის 15 დეკემბრამდე 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 27 თეთრად შეისყიდიან; სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში ჩართული არიან სოფლის განვითარების სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.
7 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ხილის გადამმუშავებელმა 14 საწარმომ 8000
ტონამდე არასტანდარტული ვაშლი ჩაიბარა. შედეგად, ფერმერებმა 2 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს.
მინისტრთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში სიმონ გულედანი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ავალიანი იმყოფებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს