კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია უძრავ ქონებაზე ფასის კლებას გამორიცხავს. როგორც მან გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ ინტერვიუსას განაცხადა, გაძვირებული თვითღირებულების ხარჯზე, სექტორს მოგების მარჟის კლება არ შეუძლია.

წულაია ამბობს, რომ ბოლო თვეების ტენდენციით, საფინანსო სექტორმა ახალი პროექტების დაფინანსება შეწყვიტა, რაც სამომავლოდ ბაზარზე მიწოდებას შეამცირებს, ეს კი არათუ კლების, არამედ ფასის ზრდის წინაპირობა შეიძლება გახდეს. მისივე შეფასებით ფასებზე დადებითი ეფექტის მომტანი იქნება "ემაარის" შემოსვლა.

„პროგნოზი ცუდი საქმეა, თუმცა 99%-იანი პროგნოზით შემიძლია ვთქვა, რომ ფასი არ შემცირდება. 2008 წლიდან დღემდე ფასი უძრავ ქონებაზე არ შემცირებულა. კოვიდის დროსაც კი არ შემცირებულა მაშინ,როცა ტრანზაქციების რაოდენობამ იკლო. დღეს არ არსებობს ფაქტორი, რის გამოც ფასი შეიძლება შემცირდეს, იმიტომ რომ მიწა არის ძალიან გაძვირებული. მშენებლობა არის ძალიან გაძვირებული როგორც მასალების, ისე ხელფასების კომპონენტში. ბოლო 3 ელში ხელფასები დოლართან მიმართებით მინიმუმ გაორმაგებულია. ასევე გაძვირებულია სერვისი ეს იქნება სარეკლამო თუ სხვა ნებისმიერი, შესაბამისად თვითღირებულება ძალიან გაზრდილია. ბიზნესი არ მუშაობს ისე რომ თვითღირებულება იყოს მაღალი და იმაზე იაფად გაყიდოს. მარჟა საკმაოდ დაბალია, 10-15%-ზე მუშაობს საშუალოდ დეველოპმენტი და პოტენციალი რომ ეს შემცირდეს, არ არსებობს.

მარჟები 2008-2009წწ-დან მოყოლებული ისედაც მცირდება. რაც უფრო განვითარებადია ქვეყანა მით უფრო მეტი მარჟაა, ამიტომ დასავლეთის ქვეყნებში 7.8%-ია, ჩვენთან 10-15% და ეს არის მიზეზი იმისა, რომ მიმზიდველია ევროპულ ქვეყნებთან შედარებით.

რაც შეეხება ფასის ზრდას, ეს შეიძლება გამოიწვიოს იმან, რომ ბანკები აღარ აფინანსებენ ახალ დეველოპერულ პროექტებს, შესაბამისად ერთი მხრივ მიწოდების შემცირებამ და მეორე მხრივ „ემაარის“ შემოსვლამ შესაძლოა ზრდის ნაწილში გავლენა იქონიოს,“ - განაცხადა ილია წულაიამ.

bm.ge