2023 წლის მაისის მონაცემებით, ნავთობით, ბუნებრივი აირით, ამონიუმის ნიტრატით, ხორბლით, სპილენძით, ფეროსილიკონით და ოქროთი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკა და ექსპორტ-იმპორტის წლიური ცვლილების შესახებ მიმოხილვა Galt&Taggart-მა გამოაქვეყნა.
ნავთობის ფასი გლობალურად თვიურად 0.9%-ით შემცირდა, მას შემდეგ რაც ფასები მკვეთრად გაიზარდა 2023 წლის აპრილში, OPEC-ის მიერ მიწოდების შემცირების განცხადების გამო.
ნავთობპროდუქტების იმპორტმა საქართველოში, 2023 წლის 4 თვეში 243 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.2%-ით ნაკლებია.
ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 42.5%-ით შემცირდა. ფასების თანდათანობითი კლება სავარაუდოდ უკავშირდება ხელსაყრელ კლიმატურ პირობებს, გლობალური ეკონომიკური აქტივობის შენელებას და ევროპაში გაზის დაზოგვის ტენდენციას.
ბუნებრივი აირის იმპორტმა საქართველოში მიმდინარე წლის 4 თვეში 247 მლნ ლარი შეადგინა, შარშანდელთან შედარებით მაჩვენებელი 22.6%-ით გაიზარდა.
ამონიუმის ნიტრატის ფასი თვიურად 19.2%-ით შემცირდა. სასუქების ფასებმა შემცირება დაიწყო 2021 წლის ბოლოდან, რაც ძირითადად გამოწვეულია ბუნებრივი აირის ფასების კლებით.
თუ აზოტოვანი სასუქების ექსპორტი საქართველოდან წელს იანვარ-აპრილში 70 მილიონი აშშ დოლარი იყო, შარშან 46%-ით მეტი, 128 მლნ. დოლარი.
ხორბლის ფასი თვიურად 9.1%-ით შემცირდა. კარგი მოსავლის მოლოდინების გათვალისწინებით, 2023 წელს ხორბლის საშუალოწლიური ფასის შემცირებაა მოსალოდნელი, მსოფლიო ბანკის მიხედვით.
ხორბლის იმპორტი საქართველოში კი წელს 14 მლნ დოლარი იყო და 4 თვეში წლიურად მხოლოდ 6.3%-ით გაიზარდა.
სპილენძის ფასი თვიურად 5.0%-ით შემცირდა. საერთო ჯამში, სპილენძის ფასი 2023 წელს შედარებით სტაბილური იყო და ერთ ტონაზე 8,500 აშშ დოლარიდან 9,000 აშშ დოლარამდე მერყეობდა.
იანვარ-აპრილში სპილენძის იმპორტი 162 მლნ დოლარამდე შემცირდა, ექსპორტი კი 258 მლნ დოლარამდე გაიზარდა.
ფეროსილიკონის ფასები - ჩინური და ევროპული - შემცირდა, 3.9%-ით და 7.3%-ით, შესაბამისად. ერთი მხრივ, ჩინეთის უძრავი ქონების კრიზისისა და ნულოვანი COVID-ის პოლიტიკის, ხოლო მეორე მხრივ ევროპაში უარყოფითი განწყობების გამო, ფასებმა 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო შემცირება.
2023 წლის 4 თვეში ფეროშენადნობების ექსპორტი საქართველოდან წლიურად 56.8%-ით, 84 მილიონ დოლარამდე შემცირდა.
ოქროს ფასი თვიურად 2.1%-ით შემცირდა. გაურკვევლობისა და მაღალი ინფლაციის პერიოდებში, ოქრო ითვლება ე.წ. safe-haven აქტივად. ამის გამო, აშშ/ევროპის საბანკო კრიზისის ფონზე 2023 წელს, ოქროზე მოთხოვნა გაიზარდა.
ოქროს ექსპორტი საქართველოდან, 32 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც წლიურად 12.3%-იანი ზრდაა.