„მთავრობა გვესაუბრება ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, სად მიდის ეკონომიკური ზრდა?! ადამიანებს ელემენტარულად საფინანსო ვალდებულებების გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ განაცხადა.
„საქართველოში 1.9 მლნ ფიზიკურ პირს ერთი სესხი მაინც აქვს. სესხი შეიძლება არა მხოლოდ ბანკის, არამედ ლომბარდისაც იყოს. 1.9 მლნ დასაქმებული არ გვყავს ქვეყანაში. შესაბამისად, თუ ადამიანი არ არის დასაქმებული, არ აქვს სტაბილური შემოსავალი, სესხსაც ვერ აიღებდა ბანკსა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. ამ რიცხვს განაპირობებს ისეთი საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც არ ითხოვენ საკრედიტო ისტორიას ან შემოსავლის დადასტურებას, მაგალითად, როგორიცაა - ლომბარდი, სადაც შესაძლებელია ოჯახიდან გამოტანილი ოქროს ნივთით აიღო სესხი.
როცა ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 90%-ს ერთი ტიპის სესხი მაინც აქვს მაინცდამაინც საგანგაშო არ არის, რადგან სესხის ქონა არ ნიშნავს რომ პრობლემაა. თუმცა, თუ ამ სესხს ვერ იხდი და ასეთი დაახლოებით 370 ათასი ფიზიკური პირია ქვეყანაში, ეს რა თქმა უნდა პრობლემაა. 370 ათასი ფიზიკური პირიდან საშუალოდ პირს 2 პრობლემური სესხი მაინც აქვს, შეიძლება ზოგს - 1; ზოგს კი 3-4 პრობლემური კრედიტი ჰქონდეს, რაც ნიშნავს რომ ეს ადამიანები ჩამოშორებული არიან ეკონომიკურ პროცესს. მათი ანგარიშები ხშირ შემთხვევაში დაყადაღებულია, ხელფასს ვერ იღებენ ბარათზე.
ამ 370 ათასი ადამიანიდან უმეტესობას აქვს მცირე ვალდებულებები. ყველაზე პრობლემური სწორედ მცირე სესხებია. მსხვილ სესხებზე უფრო ნაკლები პრობლემაა. კერძოდ, 2000 ლარამდე კრედიტები არის ყველაზე პრობლემური, როგორც ბანკებში, ისე სხვა საფინანსო ორგანიზაციებში. წარმოიდგინეთ, როგორ უჭირს ადამინს, რომელმაც 1000 ლარი ისესხა და ვერ იხდის. წარმოიდგინეთ რა ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში. როდესაც მთავრობა გვესაუბრება ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე, სად მიდის ეკონომიკური ზრდა?! ადამიანებს ელემენტარულად საფინანსო ვალდებულებების გადახდის შესაძლებლობა არ აქვთ.
მთავრობა გვეუბნება, რომ ეკონომიკური ზრდა და იდეალური პირობებია ქვეყანაში ეკონომიკის განვითარებისთვის. ბოლო წლებში რამხელა ინფლაცია იყო და როგორ გაძვირდა ყველაფერი. რამდენად ეწევა ჩვენი შემოსავალი ამ გაზრდილ ხარჯებს. მიმდინარე ხარჯების ზრდამაც განაპირობა პრობლემური მსესხებელთა რიცხვის ზრდა, ასევე კრედიტინფოს დაფარვის ზონა გაიზარდა. ადრე კრედიტინფო ძირითადად ინფორმაციებს ბანკებიდან და მიკროსაფინასოებიდან მოიპოვებდა, ახლა დაემატა ლომბარდები, სესხის ამომღები სუბიექტები, ესენი ყველა რეგულირებულია ეროვნული ბანკის მიერ და უფრო სრული სურათი გვაქვს თუ რა ხდება საფინასო სექტორში,“- განაცხადა გიორგი კეპულაძემ.