ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ 2026 წლის ბიუჯეტში საარბიტრაჟო დავების მიმართულებით გადასახდელი თანხის სახით 30 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
როგორც მან BMG-ის განუცხადა, ანაზღაურებები თითოეული საქმიდან გამომდინარე, შეთანხმების შესაბამისად იქნება. ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს თანხები მთლიანად ერთი წლის ბიუჯეტის წნეხი არ იქნება.
"ამ ეტაპზე 30 მილიონი ლარია გათვალისწინებული მსგავსი მიმართულებით. ჩვენ რაც არ უნდა გვქონდეს გადასახდელი, ეს არ იქნება ერთიანი გადახდა და ეს არ იქნება, რომ ერთი წლის ბიუჯეტს დააწვეს სრულად მსგავსი ანაზღაურებები. ამიტომ, კონკრეტული ქეისის მიხედვით, რა შეთანხმებაც იქნება მეორე მხარესთან, იმის მიხედვით მოხდება ანაზღაურება",- თქვა კაკაურიძემ.
2026 წლის ბიუჯეტს თანდართულ ფისკალური რისკების დოკუმენტში წერია, რომ საერთაშორისო არბიტრაჟებში 8 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 4,8 მლრდ აშშ დოლარს. რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული დასრულებული დავების სტატისტიკას, მიმდინარე 7 დავიდან 4 დავა დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით, 3 დავაზე სახელმწიფოს დაეკისრა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
2025 წლის 21 აგვისტოს მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის ცენტრმა (ICSID) საქართველოს აპელაცია არ დააკმაყოფილა Inter Rao-ს საარბიტრაჟო სარჩელთან დაკავშირებით და ძალაში დატოვა 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენი, რომლითაც საქართველოს კომპანიის მიმართ 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. მაშინ საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ აპელაციის გზით ამ განაჩენის ანულირებას მიაღწევდა, თუმცა როგორც ირკვევა არბიტრაჟმა მთავრობის პოზიცია კიდევ ერთხელ არ გაიზიარა და ძალაში დატოვა პირვანდელი განაჩენი. მეტიც, თუკი 2022 წლის 27 ოქტომბერს მიღებული განაჩენი 76 მილიონი დოლარის კომპენსაციას ითვალისწინებდა, ამჟამად მისი ღირებულება გაზრდილია და უკვე 94 მილიონ დოლარსაც აღემატება, რადგანაც თავდაპირველად მიღებულ განაჩენში ეწერა რომ იქამდე, სანამ საქართველო განაჩენის აღსრულებას არ მოახდენდა, დავით დაკისრებულ კომპენსაციას ანუ 76 მილიონ დოლარს ზემოდან პროცენტის სახით SOFR+2% დაერიცხებოდა. რაც 2022; 2023; 2024 და 2025 წლების ჯამით დამატებით 18 მილიონ დოლარს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი მსხვილი საარბიტრაჟო დავა საქართველომ გასულ წლის ბოლოს წააგო. კომპანია Enka Renewables-მა საქართველოს საერთაშორისო არბიტრაჟში 383.2 მილიონი დოლარი მოუგო, რაც საქართველომ გაასაჩივრა და ამჟამად საქმე აპელაციის ეტაპზეა. როგორც „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე აუდიტის სამსახურის მოხსენებაშია აღნიშნული, 2024 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო $3.3 მილიარდის საარბიტრაჟო დავებშია ჩართული.