2026 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება კვლავ ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების მონტაჟი იქნება, - ამის შესახებ ს.ს თელასის ტექნიკურმა დირექტორმა მამუკა ქობალიამ გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ 2026 წელს „თელასის“ საინვესტიციო ვალდებულებები 85 მლნ ლარს შეადგენს.

ძალიან შრომატევადია ინვესტიციების პრიორიტეტების მიხედვით სწორად დაგეგმვა, რომ ამან მოსახლეობისთვის რეალური შედეგი გამოიღოს. ჩვენ დაწყებული გვაქვს ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების მონტაჟი, რასაც ისევ გავაგრძელებთ. ახალ მშენებლობებში უკვე ყველგან, აღნიშნული ახალი მრიცხველი დგება. 

მოგეხსენებათ, რომ ე.წ. ჭკვიანი მრიცხველი აღრიცხავს ყველა იმ პარამეტრს, რომელიც შესაძლოა დარღვევით მიეწოდებოდეს მომხმარებელს, მის ხარისხზე ხელმისაწვდომობა უფრო მარტივია. ასევე, მარტივია მომსახურება როგორც ელექტროენერგიის შეზღუდვის, ისე ჩართვის თვალსაზრისით და საკმაოდ სერიოზული რესურსი თავისუფლდება იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის კომფორტული მომსახურება იყოს.

გარდა ამისა, მომხმარებელს ე.წ. პირადი კაბინეტის მეშვეობით შეუძლია საათობრივად აკონტროლოს მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგია. ყოველწლიურად, დაახლოებით, 40 000 მრიცხველის შეცვლა ხდება და ეს 2030 წლამდე გაგრძელდება“, - აცხადებს მამუკა ქობალია.

მისივე ინფორმაციით, 2026-2030 წლებში, თბილისში ორი ახალი ქვესადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. მათ შორის, ერთ-ერთი გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ვაშლიჯვარში, ლისის ტერიტორიაზე. 

ბიზნესპარტნიორი