ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, საქართველო აღნიშნული პროგნოზებითა და მაჩვენებლებით პირველია ევროპისა და რეგიონის ქვეყნებს შორის.
„უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა ასევე გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო ჯამურად, წლის განმავლობაში, EBRD-ის მიერ
2,4 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი“ - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, EBRD-ს პროგნოზით, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან შედარებით (2025-2026 წლებში), საქართველოს ორჯერ მაღალი ეკონომიკურ ზრდა ექნება.
„ჩვენი მოლოდინია, რომ არსებული ტენდენციები მომდევნო წლებშიც გაგრძელდება და საქართველო იქნება ლიდერი არამხოლოდ ევროპის, არამედ რეგიონისა და მსოფლიო მასშტაბითაც“ - განაცხადა ცინცაძემ.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შეფასებით, საქართველოს 2024 წელს 9.4%-იანი ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2025 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკა 8.3%-ით გაიზარდა - ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს დაკრედიტების ზრდა, ასევე მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და განათლების სექტორებში.
ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს