2023 წელს თბილისში 41,061 ბინა გაიყიდა, რაც 2022 წელს გაყიდული ბინების რაოდენობას 8%-ით ჩამორჩება.

Colliers Georgia-ს მიერ გამოქვეყნებული თბილისის საცხოვრებელი ბინების განახლებული წლიური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს გაყიდვების კლების მიუხედავად ბაზრის ზომა 5%-ით, 2.5 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, რაც ბინების საშუალო გასაყიდი ფასის ზრდითაა განპირობებული.

მიმოხილვის მიხედვით, გაყიდვები შემცირებულია როგორც ახალ, ასევე ძველ პროექტებში. აქედან ახალ პროექტებში ტრანზაქციები მხოლოდ 4%-ით, ხოლო ძველ პროექტებში 16%-ით შემცირდა. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბინებზე მოთხოვნა პირველადი ბაზრის სასარგებლოდ შეიცვალა. 2023 წელს პირველად ბაზარზე გაყიდვები 1%-ითაა შემცირებული, ხოლო მეორეულ ბაზარზე კლება 12%-ია.

თბილისის საცხოვრებელი ბინების ბაზრის 2023 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ბინა სამგორში გაიყიდა. გაყიდული ბინების მიხედვით, თბილისის უბნების რეიტინგი კი ასეთია:

  • სამგორი - 8 643 ბინა;
  • საბურთალო - 8 238 ბინა;
  • დიდი დიღომი/დიღომი - 6 712 ბინა;
  • გლდანი - 4 729 ბინა;
  • ნაძალადევი - 3 914 ბინა;
  • დიდუბე - 3 210 ბინა;
  • ჩუღურეთი - 1 222 ბინა;
  • ვაკე - 1 057 ბინა;
  • კრწანისი - 1 046 ბინა;
  • მთაწმინდა - 1 032 ბინა;
  • ისანი - 594 ბინა;
  • ბაგები - 298 ბინა;
  • ფონიჭალა - 197 ბინა;
  • წყნეთი - 88 ბინა;
  • დიდგორი - 81 ბინა.

მიმოხილვის მიხედვით, გასულ წელს ახალი და ძველი ბინები გაძვირდა. კონკრეტულად კი ახალაშენებული ბინების ღირებულება 13%-ით, ძველი ბინების კი 19%-ით გაიზარდა.

„თბილისში საცხოვრებელი ბინების ფასი 2022 წელთან შედარებით 15%-ითაა გაზრდილი, თუმცა 2023 წლის განმავლობაში ფასების ზრდის ტემპი მცირდებოდა“, - აღნიშნულია მიმოხილვაში.