2022 წელს მშენებლობის საშუალო ღირებულება 1 კვ.მ სამშენებლო ფართზე ბათუმში $290 შეადგინა, რაც თბილისის მაჩვენებელზე ($265) 9%-ით მაღალი იყო. ამის შესახებ TBC კაპიტალის ახალ კვლევაშია ნათქვამი, სადაც სამშენებლო სექტორია განხილული.

სხვაობა სარეალიზაციო ფართზე გადაანგარიშებული მშენებლობის ღირებულებაში თბილისს და ბათუმს შორის იზრდება 36%-მდე. თუმცა, აღნიშნული სხვაობა შესაძლოა, ნაწილობრივ განპირობებული იყოს იმით, რომ ბათუმში TBC კაპიტალის მიერ შერჩევაში მოხვედრილი პროექტების უმეტესობა სანაპირო ზოლში მდებარეობს და შედარებით მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

მშენებლობის ღირებულება 1 კვ.მ სამშენებლო ფართზე თბილისში მერყეობდა $163-დან $695-მდე, ხოლო ბათუმის შემთხვევაში $165-დან 567$-მდე. შერჩეული პროექტების უმეტესობაში (34%) მშენებლობის ღირებულება სამშენებლო ფართის 1 კვ.მ-ზე $200-$300 დოლარის დიაპაზონში მერყეობს. ასევე, აღმოჩნდა, რომ მშენებლობის ხარჯი 1 კვ.მ-ზე არ არის დამოკიდებული მშენებლობის მოცულობაზე.

სამშენებლო ხარჯების ანალიზისთვის TBC კაპიტალის ანალიტიკოსებმა გამოიყენეს თბილისში და ბათუმში 2022 წელს განხორციელებული 50 დეველოპერული პროექტის მონაცემები.

პუბლიკაციის მიხედვით, მშენებლობის ხარჯების უდიდესი ნაწილი მოდის სამშენებლო მასალებზე (57%) და ხელფასებზე (27%) მოდის. საქართველოში მშენებლობის ღირებულება (სამშენებლო ხარჯების ყველა კომპონენტი) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში იზრდებოდა: 2021 წელს 9.6%-იანი, ხოლო 2022 წელს 22.9%-იანი ზრდა დაფიქსირდა (აშშ დოლარში). თუმცა, ლარში მშენებლობის ღირებულება 2022 წლის მეორე ნახევრიდან დასტაბილურდა, ხოლო 2023 წლის დასაწყისში კლება დაიწყო. თებერვლის მდგომარეობით მშენებლობის ღირებულება 1 კვ.მ-ზე აშშ დოლარში წლიურად 21%-ით, ლარში კი მხოლოდ 1.4%- ით არის გაზრდილი.