2010-2024 წლებში, საქართველოს ეკონომიკა წლიურად საშუალოდ 14 000 სამუშაო ადგილს ქმნიდა, რაც, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მკვეთრად არასაკმარისია, - ვკითხულობთ სოციალური სამართლიანობის ცენტრის ანალიტიკურ პუბლიკაციაში.
ორგანიზაციის მიხედვით, ჩვენს ქვეყანას, ამ ტემპით, დაახლოებით 19 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს მიაღწიოს.
„ქვეყნის ეკონომიკის პრიმიტიული ზრდის გათვალისწინებით, არ არსებობს მოლოდინი, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდება. ეს კი არა მხოლოდ მოსახლეობის ეკონომიკურ მარგინალიზაციას, არამედ მიგრაციის მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტ ზრდას გამოიწვევს“, - წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
მათივე შეფასებით, ამ ტემპით, საქართველოს 35 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირის დასაქმებისა და თვითდასაქმების საშუალო მაჩვენებელს მიაღწიოს; ხოლო 63 წელი იმისთვის, რომ დაასაქმოს ყველა ის ემიგრანტი, რომელიც ქვეყნიდან 2012 წლის შემდეგ წავიდა.