მსოფლიოს ბირჟებზე ნავთობის ფასის იზრდება, თუმცა საქართველოში საწვავის მნიშვნელოვანი გაძვირება ბევრად ადრე, დაახლოებით 4 თვის წინ დაიწყო. „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავის ღირებულებამ ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებში საშუალოდ 20%-ით მოიმატა.
საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ფინანსისტ ნიკა შენგელიას პროგნოზით, 20 სექტემბრიდან საწვავზე ფასები დაახლოებით 5-15 თეთრით მოიმატებს.
„ნავთობის ფასები ბოლო პერიოდში გაზრდილია. პროგნოზი ნავთობის ფასების შესახებ, რომელიც 2022 წლის ნოემბერში გამოვაქვეყნეთ, მართლდება, კერძოდ ის, რომ 2023 წელს ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 75$-ზე მაღლა შენარჩუნდებოდა. ყველა სკეპტიკურად უყურებდა ამას, რადგან მოელოდა ფასების გაიაფებას.
რაც შეეხება საწვავის ფასებს საქართველოში, აქაც მართალი აღმოვჩნდით. მაღალი ალბათობით საწვავზე ფასები კვლავ მოიმატებს. საქართველოში „თეთრ ნავთობპროდუქტებზე“ ფასების მატების საფუძველი ნავთობზე ფასების ზრდას არ უკავშირდება. დღეს რუსეთიდან იმპორტირებულ საწვავს 81% უჭირავს მთლიან განხორციელებულ იმპორტში. აღნიშნული საწვავი შემოდის PLATSS მინუსით. შესაბამისად, ამ კუთხით და იმ ლარის კურსით რაც გვაქვს საწვავზე ფასები არ უნდა გაძვირებულიყო, საწვავზე ფასების აწევის მიზეზი კვლავ შემომტანი კომპანიების კარტელურ გარიგებებში უნდა ვეძიოთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ კონკურენციის სააგენტომაც დაადასტურა და მათ ჯარიმაც კი დააკისრა.
ჩვენი პროგნოზით, 20 სექტემბრიდან საწვავზე ფასები დაახლოებით 5-15 თეთრით მოიმატებს.
რამდენიმე დღის წინ განვაცხადე, რომ მინდა ამ საკითხთან დაკავშირებით დებატებში გამოვიწვიო ეკონომიკის მინისტრი სადაც ვისაუბრებთ საწვავზე ფასების ზრდის ფაქტორებზე. მათ შორის იმაზე, რომ საწვავზე ფასების ზრდას როგორ უწყობს ხელს ეკონომიკური გუნდის დანაშაულებრივი ან უმოქმედობის პოლიტიკა ამ სექტორში. ვისაუბროთ თუნდაც იმაზე რა გამოიწვია „სოკარი“-ს დაქვემდებარებაში ნავთობროდუქტების ბაზრის გადაცემამ, რატომ დუმს ეკონომიკური გუნდი იმაზე რომ ქართველი იმპორტიორი დისკრიმინებულია აზერბაიჯანის მხრიდან, ასევე ვისაუბროთ „კარტელი“ და მისი „მეტასტაზები“ სხვა ვითომ ბრენდები როგორ ზრდიან ფასებს და ვითომ აქვთ კონკურენცია ერთმანეთში და ამას ყველაფერს როგორ ებრძვის კონკურენციის სააგენტო, რომელიც ამ საკითხში ფაქტობრივად უფუნქციოა და ასევე სხვა საკითხებზე, რომლის შემდეგ საზოგადოება გაიგებს სიმართლეს რასთან გვაქვს საქმე“, - ამბობს ნიკა შენგელია.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 90,60 (+0.56) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 87.54 (+0.85) დოლარი/ბარელზე.