1996 წლიდან დღემდე, ევროკავშირის ქვეყნებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან შემოსული უცხოური ინვესტიციების წილი 55%, რუსეთიდან 4%, ხოლო ჩინეთიდან 3%-ია. ამის შესახებ ISET-ის მთავარმა ეკონომისტმა, გიორგი პაპავამ BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ საქართველოში უცხოური ინვესტიციების სტატისტიკური მონაცემების აღწერისას ისაუბრა.

მისი შეფასებით, ამგვარი მონაცემების გათვალისწინებით, რუსეთისა და ჩინეთის ჩამნაცვლებელ ალტერნატივად წარმოჩენა წარმოუდგენელი და საღ აზრს მოკლებულია.

„საქართველოში უცხოური ინვესტიციების სტატისტიკა 1996 წლიდან იწარმოება. 1996 წლიდან დღემდე, ევროკავშირის ქვეყნებიდან, გაერთიანებული სამეფოდან და აშშ-დან საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციების წილი 55%-ს შეადგენს. ბოლო 10 წელს თუ შევხედავთ, ეს მაჩვენებელი 60%-ია. რუსეთს და ჩინეთს თუ შევხედავთ, რომელსაც ხშირად წარმოადგენენ ხოლმე ჩამნაცვლებლად, რუსეთის წილი 4%-ია, როგორც ბოლო 10 წელი, ასევე დასაბამიდან, ხოლო ჩინეთის არის 3%. შესაბამისად, წარმოუდგენელია, რომ ოდნავ მაინც საღ აზრთან იყოს შემხებლობაში, რომ რუსეთიდან და ჩინეთიდან მომდინარე ინვესტიციებმა [ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ს ბაზრები] რაიმე ფორმით ჩაანაცვლოს.

ევროკავშირის ფონდებზე წვდომაზე საუბარი არ არის იმ რეალობაში, რა რეალობაშიც ვართ. როგორც ევროკავშირი, ისე აშშ და გაერთიანებული სამეფო იმაზე კი არ ფიქრობს, თუ როგორ ეთანამშრომლოს ხელისუფლებას ან რაღაც რეფორმას მხარი დაუჭიროს. პირიქით, მათი ძალისხმევა იქით არის მიმართული და ის ვერ გადაუწყვეტიათ, რამდენი მაღალჩინოსანი დაასანქცირონ“, - ამბობს ეკონომისტი.

წყარო: bm.ge