საქართველოს პრემიერობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში წარდგენილი სამთავრობო პროგრამის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ მიხედვით, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა.

საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა. მათ შორის: 1. დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, ენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნება ენერგიის გენერაციის, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან. 2. ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას. 3. ეტაპობრივად მოხდება მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გაყვანა, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით. პარალელურად, განხორციელდება შესაბამისი რეგულირებული სადგურების ეტაპობრივი დერეგულირება სიმძლავრეების მიხედვით.

2024 წელს დასრულდება დამატებით 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 157 მგვტ.

ამასთან, სამთავრობო გეგმის თანახმად, 2024 წელს განხორციელდება მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ამ მიმართულებით საქართველოში არსებული პოტენციალის შესწავლას.

მთავრობას ასევე დაგეგმილი აქვს, რომ 2024 წელს 134 დასახლებული პუნქტისათვის აშენდეს ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელი.

„გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება 350-430 მეგავატიანი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტში კერძო ინვესტიციების/ინვესტორების მოზიდვა, შემდგომი ყველა შესაბამისი ღონისძიების (დაპროექტება, მშენებლობა, ოპერირება) უზრუნველყოფის მიზნით.

ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით, საქართველოში დამატებით 1000 კმ-ზე მეტი ელექტროგადამცემი ხაზები აშენდება, მათ შორის, განმტკიცდება და გაძლიერდება მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზები.

აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, რომელიც 2024 წლის ივლისისათვის დასრულდება. პარალელურად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუშაობს პროექტისთვის საჭირო გარემოს და სოციალური ზემოქმედების, ასევე, ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური კვლევების ანგარიშის ჩასატარებლად მომსახურების შესყიდვაზე,“- ნათქვამია პროგრამაში.