2025 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 6.618 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 10.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.7 პროცენტით გაიზარდა და 2.999 მლრდ დოლარს გაუტოლდა.
„2025 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 69.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (629.3 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (274.5 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი(252.4 მლნ. აშშ დოლარი).
2025 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 339.6 მლნ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის11.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 243.7 მლნ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.1 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 215.3 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.2 პროცენტი)“, - წერია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
