საქართველო არის საინვესტიციო დანიშნულება, სადაც შესანიშნავ ბიზნეს კლიმატს შემცირებული რისკები ახლავს, დაბალი საოპერაციო ხარჯებით, მწვანე ენერგიის ხელმისაწვდომობითა და ორ მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ბაზრებზე თავისუფალი სავაჭრო წვდომით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველო არის ნამდვილი სავაჭრო ცენტრი ევროპასა და აზიას შორის და რეგიონის წამყვანი ეკონომიკაა ზრდის თვალსაზრისით.
ეკონომისტმა სოსო ბერიკაშვილმა „კომერსანტთან“ საქართველოს საინვესტიციო გარემოს გამოწვევებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა, რაც უცხოური ინვესტიციების შემოდინებას აფერხებს, ქვეყანაში არსებული კორუფციული სისტემაა.
„ეკონომიკური კუთხით კანონმდებლობა კარგი გვაქვს, გადასახადები დაბალია, ეკონომიკა ლიბერალურია ანუ მაგ ნაწილში ხელსაყრელი გარემოა, მაგრამ იმიტომ, რომ სასამართლო არ არის თავისუფალი, რაც ოფიციალურად არის დადასტურებული ეს გარემოება ყველაფერს ცვლის. რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ჩვენ კორუმპირებული მოსამართლეები გვყავს, რომლებიც მნიშვნელოვან კორუფციაშია არიან ჩართულები და ეს მსოფლიოში ცნობილი ფაქტია, სწორედ ესაა პრობლემა. სასამართლო რომ დამოუკიდებელი არ არის ეს ძალიან ცუდად აისახება საინვესტიციო გარემოზე, თორემ ეკონომიკური კუთხით ჩვენ პრობლემები არ გვაქვს, ბევრი დადებითიცაა ამ მიმართულებით.
ინვესტორი რომ ნახავს, გავლენიანი მოსამართლეები დასანქცირებულები არიან კორუფციაში ჩართულობის გამო ეს ძალიან დიდი პრობლემაა. ამ შემთხვევაში კორუფცია ნიშნავს სახელმწიფოსთან საქმის „დალაგებას“. ზოგიერთი ინვესტორისთვის ეს შეიძლება კარგიც იყოს, რადგან ასეთი გამოცდილება აქვთ და ხელისუფლებასთან საქმის „დალაგება“ ურჩევნიათ, მაგრამ ჩვენ არ გვაწყობს ასეთი ინვესტორი, რადგან მაგის შედეგებს მალევე ვხედავთ, ან რიკოთი ჩამოინგრევა ან რაიმე მსგავსი. ჩვენ გვინდა სწორი და დასავლური განვითარება“, - ამბობს სოსო ბერიკაშვილი.
მისი თქმით, ქვეყანაში მცირე მოცულობის ინვესტიციები ასე თუ ისე ხორციელდება, რასაც ხელისუფლება დიდად არ აკონტროლებს. აღნიშნული პრობლემები კი, ძირითადად მსხვილ ინვესტიციებზე აისახება.
„ყველამ იცის, რომ ამ ქვეყანაში არის ოლიგარქიული მმართველობა. ეს არ არის განვითარებისთვის სწორი ფორმულა. ამ შემთხვევაში დიდ ინვესტიციებს და დიდ ბიზნესს ვგულისხმობ, პატარა ინვესტიციები ინერციით თუ რაღაც კავშირებით მაინც შემოდის და ყველაფერს ხელისუფლება არ ან ვერ აკონტროლებს.
ბიზნესმენს აინტერესებს ქვეყანაში როდესაც შედის იქ რა ხვდება, რამდენ მოგებას მიიღებს და რა რისკის გაწევა მოუწევს“, - განმარტავს ეკონომისტი.
2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში $496 მილიონის FDI შემოვიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 80 მილიონი დოლარით ნაკლებია.