,,ლილო მოლის“ ტერიტორიაზე 28 იანვარს გაჩენილი ხანძრის შედეგები და ზარალის ოდენობა ამ დრომდე უცნობია. შენობაში სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია და დაზარალებული მოვაჭრეები ჯერ ვერ შედიან. ადგილზე 2 დღის წინ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ შენობის მდგომარეობა შეისწავლეს. „ლილო მოლის“ დირექტორი გიორგი კვარაცხელია ,,კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ისინი ახლა ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან, რომელიც შენობის ვარგისობას და დაზიანების ხარისხს დაადგენს. სწორედ ამ დასკვნის შედეგებზეა დამოკიდებული როდის შეუშვებენ დამწვარ შენობაში ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, პოლიციისა და დაზღვევის ექსპერტებს.
,,ზარალი არ არის ჯერ დათვლილი. იმიტომ, რომ ჯერ შენობაში ვერ შევედით. ნებართვა არ მოგვცეს. ველოდებით შესვლის ნებართვას. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან იყვნენ მოსულები გუშინ წინ. დაათვალიერეს და შესაბამისად ველოდებით, რომ შეუშვან პოლიციის ექსპერტები, სადაზღვევოს ექსპერტები. ველოდებით, რომ ჩვენც შევიდეთ და ვნახოთ მდგომარეობა. შენობას პოლიცია იცავს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. არ ვიცი როდის შევალთ შენობაში. ეს დასკვნებზეა დამოკიდებული. მათ შორის შენობის (რაც დარჩა) ვარგისობაზე.’’- აცხადებს „ლილო მოლის“ დირექტორი გიორგი კვარაცხელია.
სავაჭრო ცენტრის დირექტორი ,,კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ მზად არიან შენობა აღადგინონ. ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას დასკვნის გაცნობის შემდეგ მიიღებს. გიორგი კვარაცხელია აცხადებს, რომ მზად არიან როგორც შენობის აღსადგენად, ასევე მის თავიდან ასაშენებლად.
,,დასადგენია მთლიანად არის შესაკეთებელი თუ ნაწილობრივ, ეს დამოკიდებულია დასკვნებზე. ამის მერე გვეცოდინება როგორ უნდა მოვიქცეთ. შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ იმის მიხედვით, როგორი დასკვნა იქნება. არ გავჩერდებით ყოველ შემთხვევაში. გადაწყვეტილება იქნება ადეკვატური დასკვნების. თუ აღსადგენი იქნება აღვადგენთ შენობას.’’- აცხადებს გიორგი კვარაცხელია.