17-18 დეკემბრიდან შობის ჩათვლით საქართველოს სამთო კურორტების 80% დაჯავშნილია.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში „სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის“ დამფუძნებელი, მაია მურაჩაშვილი ამბობს, სეზონი 21 დეკემბერს გაიხსნება და მოლოდინი, რომ თოვლი არ მოვიდოდა, საბედნიეროდ, არ გამართლდა და სასტუმროები სეზონისთვის სრულ მზადყოფნაში არიან.
„17, 18 დეკემბრიდან შობის ჩათვლით, სასტუმროების 80% უკვე დაჯავშნილია, მათ შორის, საკმაოდ აქტიურია ჯავშნები გუდაურშიც. შობის შემდეგ უფრო დამსვენებელი ცოტავდება და ზოგადად, ეს ზამთრის კურორტს ახასიათებს. ეს არ არის დასვენება, რომელიც მასობრივ ტურიზმზეა დამოკიდებული, უფრო ინდივიდუალური დასვენებაა, ძირითადად, თოვლს დაჰყვებიან. შარშან, მაგალითად, დატვირთულობა 90% იყო“, - განმარტავს მაია მურაჩაშვილი.
რაც შეეხება ფასებს, მაია მურაჩაშვილი ამბობს, რომ სასტუმროების ნაწილში ზრდა მინიმუმ 15%-ია, თუმცა უფრო მეტად არის გაძვირებული კვება.
„როცა ფასის მდგენელი გვიძვირდება, შესაბამისად, ფასიც იმატებს. ძალიან კონკურენტულ გარემოში ვართ ხელფასების მხრივ. ისედაც შემცირებულია აქტიური ადამიანური რესურსი და ამ მიმართულებით კონკურენციას ერთმანეთს სწორედ ხელფასებით ვუწევთ. მეორეა კვების პროდუქტების ფასი - ყოველწლიურად კატასტროფულად იზრდება. ზამთარში ძალიან დიდი მოხმარება გვაქვს გაზისა და ელექტროენერგიის. ამასთან, თანამშრომლების შენახვაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, ფასებიც გვეზრდება“, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.
მაია მურაჩაშვილი აღნიშნავს, რომ გუდაურის სასტუმროების ნაწილში ფასის კიდევ უფრო მეტად მომატების საშუალებაც არის იქიდან გამომდინარე, რომ სამთო-სათხილამურო კურორტებზე, მაგალითად, ბულგარეთსა და თურქეთში, საკმაოდ მაღალი ფასები აქვთ.
„საერთაშორისო მოგზაურის კუთხით კონკურენტული უპირატესობა გუდაურს ნამდვილად გააჩნია. გული სწყდებათ ხოლმე ჩვენს თანამემამულეებს და მესმის ეს წუხილი, გუდაური ქართველი მოსახლეობისთვის ძვირი გახდა. თუმცა, არის გამოსავალი - აპარტამენტები, რომელიც ყველანაირი ბიუჯეტის მქონე ადამიანს დააკმაყოფილებს. ამასთან, რამდენადაც ვიცი, ბაკურიანს ფასებში ასეთი მატება არ აქვს“, - აღნიშნავს მაია მურაჩაშვილი.