უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელების 2022 წლის ფინანსურ მაჩვენებლები Finspot -მა მიმოიხილა, მათ შორის სს „ნიკორა ტრეიდის“, შპს „ორი ნაბიჯის“, შპს „მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას“ („კარფური“) და შპს „რითეილ ჯგუფის“ (მაგნიტი). შპს „ფუდმარტს“ (SPAR Georgia / იოლი სუპერმარკეტი) ჯერ არ აქვს 2022 წლის ფინანსური შედგები გამოქვეყნებული და ამიტომ ანალიზში შეყვანილი არ არის.

Finspot-ის ინფორმაციით, დიდი კონკურენციის მიუხედავად, სექტორი საკმაოდ სწრაფად იზრდება. წარმოდგენილი 4 კომპანიის შემოსავლებმა 2022 წელს ჯამურად ₾3 მილიარდს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 37%-იან ზრდას წარმოადგენს. 

მზარდი კონკურენციის ფონზე, კომპანიები მაინც ახერხებენ საერთო მოგების მარჟების (gross profit margin) არათუ შენარჩუნებას, არამედ ზრდასაც. ბოლო 3 წლის ჭრილში თუ შევხედავთ (2019-2022), ოთხივე კომპანიას გროს მარჟა გაზრდილი აქვს მინიმუმ 1 პროცენტული პუნქტით და კომპანიების მომგებიანობის მაჩვენებლებიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო 2022 წელს.

,,ნიკორა“ უმსხვილესი საცალო ვაჭრობის მაღაზიათა ქსელია საქართველოში, რომელიც „ნიკორა სუპერმარკეტის“ და „ლიბრე“-ს ბრენდებით ოპერირებს და რომლის წლიურმა ბრუნვამაც ₾895 მილიონი შეადგინა 2022 წელს. FMCG სექტორში მეორე უმსხვილესი მოთამაშე „ორი ნაბიჯი“-ია, რომლის შემოსავლებიც მხოლოდ 2%-ით ჩამოუვარდება „ნიკორას“ შემოსავლებს.

2019-2022 წლებში შემოსავლების ზრდის ტემპით „ორი ნაბიჯი“ ლიდერობს. თუ 2019 წელს მისი შემოსავლები „ნიკორა“-ს შემოსავლების მხოლოდ 71%-ს წარმოადგენდა, 2022 წელს „ორი ნაბიჯი“ თითქმის გაუთანაბრდა უმსხვილეს კონკურენტს წლიური ბრუნვით. 

ბოლო წლების განმავლობაში „მაგნიტიც“ სწრაფი ზრდით გამოირჩევა, მისი შემოსავლები თითქმის 3-ჯერ გაიზარდა 2019 წელთან შედარებით.

2022 წელს კომპანიებმა საკმაოდ დიდი რაოდენობით ახალი მარკეტები გახსნეს: „ნიკორა“ +93 ობიექტი; „ორი ნაბიჯი“ +71 ობიექტი; „კარფური“ +18 ობიექტი; „მაგნიტი“ +17 ობიექტი.

„ყველაზე დაბალი საერთო მოგების მარჟების მქონე კომპანიებს (ორი ნაბიჯი და მაგნიტი), ყველაზე სწრაფი ზრდის ტემპიც აქვთ. ყველაზე მაღალი გროს მარჟა კი „ნიკორას“ აქვს.

„ნიკორას“ მშობელ კომპანიას ეკუთვნის სხვადასხვა ხორცპროდუქტების/ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი და სადისტრიბუციო კომპანიები,  რომელთა პროდუქციასაც „ნიკორას“ სუპერმარკეტების მეშვეობით უწევს რეალიზაციას. შესაძლებელია, ასეთ პროდუქციაზე გაცილებით მაღალი მარჟა რჩება, რაც ნაწილობრივ განაპირობებს კომპანიის 26%-იან გროს მარჟას.

კომპანიების საოპერაციო ხარჯების წილი შემოსავლებში 18%-21%-ის ფარგლებში მერყეობს. გამონაკლისია „ორი ნაბიჯი“, რომელსაც კონკურენტებზე მნიშვნელოვნად დაბალი საოპერაციო ხარჯების წილი აქვს შემოსავლებში (12%), რაც კომპანიის ყველაზე მაღალ-მომგებიანობასაც განაპირობებს.

მომგებიანობის მიხედვით (საოპერაციო მოგების მარჟა, EBITDA მარჟა, etc.), ყველაზე დაბალი მაჩვენებლები "კარფურს" და "მაგნიტს" აქვთ, ყველაზე მაღალი კი - "2 ნაბიჯს". ეს უკანასკნელი დაბალი საერთო მოგების მარჟებით ოპერირებს, მაგრამ საოპერაციო ხარჯების ოპტიმიზაციით და საბრუნავი კაპიტალის ყველაზე ეფექტური მართვით გადის მაღალ მომგებიანობაზე. "მაგნიტიც" დაბალი გროს მარჟებით ოპერირებს და ასე ახერხებს ბაზრის წილის ზრდას, თუმცა პროპორციულად მაღალი საოპერაციო ხარჯების პირობებში, კონკურენტებთან შედარებით ნაკლებმომგებიანია.

2019-2022 წლებში დივიდენდი გაცემული აქვს მხოლოდ „ორი ნაბიჯს“, რომელმაც კუმულატიურად ₾89 მილიონი გასცა მფლობელებზე.

კომპანია  ნიკორა - ს მფლობელები არიან: - სს "ნიკორა": 96.94%; - სხვა აქციონერები: 3.06%. ტავის მხრივ სს "ნიკორას" მფლობელებია: სუხიაშვილი ვასილ: 25.0%; გუბანოვი ოლეგ: 17.0%; დუმბაძე დავით: 11.0%; ცირეკიძე თალიკო: 10.0%; ტარადინი ვასილ: 9.0%; სალუქვაძე მაკა: 7.0%; ცერცვაძე გურამ: 5.0%; ნიკოლაიშვილი ირაკლი: 3.0%; სუხიაშვილი ნიკა: 3.0%; სუხიაშვილი სოფო: 3.0%; ტარადინი გლებ: 2.0%; ტარადინი დემენტი: 2.0%; ტარადინი დენის: 2.0%.

კომპანია 2 ნაბიჯის მფლობელებია: გოჩა ცქიტიშვილი: 33.34%; გიორგი ჩხეიძე: 33.33%; კახი ბექაური: 33.33%.

Carrefour Georgia - ს მფლობელია შპს Majid Al Futtaim Hypermarkets (100%), რომელიც დუბაიში დაფუძნებული კომპანიაა და ფლობს Carrefour-ის ექსკლუზიურ ფრენჩიზის უფლებას შუა აღმოსავლეთის, აზიის და აფრიკის 30-ზე მეტ ქვეყანაში.

მაგნიტის მაკონტროლებელი პირებია (შპს Mixori-ს გავლით): ცეზარ ჩოჩელი და იზოლდა ჩარიგოგდიშვილი.