„სამწუხაროდ, ჩვენი ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ავოკადოს ბაღი ვერ შევინარჩუნეთ“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას Geonuts Company-ს დირექტორმა, ფერმერმა რევაზ ჩიტიძემ განაცხადა. მისი თქმით, 2021 წელს, გურიაში 6 ჰექტარზე გაშენებული 3500 ავოკადოს ნერგი საქართველოს კლიმატს ვერ შეეგუა. გასულ წელს ბაღის 50% განადგურდა, წელს კი მეორე ნახევარიც მიჰყვა.

„ავოკადო ვერ შეეგუა ჩვენს პირობებს, მაქსიმალურად შევუწყვეთ ხელი, ყველაფერი გავაკეთეთ რაც კი შეიძლებოდა, სამწუხაროდ, საქართველოს კლიმატთან ამ კულტურის შეგუება ვერ ხერხდება. შარშან 50% გახმა, წელს მეორე ნახევარიც მიჰყვა. თუ სათბური არ გააკეთე, აზრი არ აქვს, სათბური კი არარენტაბელურია. როგორც ბიზნესს, საქართველოში ავოკადოს ბაღებს ამ ეტაპზე პერსპექტივა  არ აქვს“, - აცხადებს ფერმერი რევაზ ჩიტიძე.

რევაზ ჩიტიძის თქმით, Geonuts Company-მ ცნობილი ებრაული კომპანია დაიქირავა, ჩამოყვანილი ჰყავდათ, მაგრამ მათი დასკვნაც იგივე იყო, რომ, ამ ეტაპზე, საქართველოში, ღია ცის ქვეშ, ავოკადოს ბაღების გაშენებას აზრი არ აქვს.

„ცნობილი ებრაული კომპანია დავიქირავეთ. რომ დავუკავშირდით, ძალიან გაუხარდათ, ჩამოვიდნენ, მოკვლევები ჩატარდა და იმათი დასკვნაც იყო, რომ ამ ეტაპზე ღია ცის ქვეშ ავოკადოს ბაღების გაშენებას აზრი არ აქვს“, - ამბობს.

ავოკადოს ბაღების პარალელურად, Geonuts Company მეურნეობას სხვა მიმართულებითაც ავითარებს. ბოლო რამდენიმე წელია ხეხილის ბაღები აქვთ, სადაც ვაშლი, მსხალი, ატამი და ფეიხოა მოჰყავთ. როგორც რევაზ ჩიტიძე ამბობს, ბევრი გამოწვევა აქვთ და ჯერ ექსპორტზე ვერ ფიქრობენ, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე მუშაობენ.

„სოფლის მეურნეობა კარგი მოვლის პირობებშიც კი გარემო პირობებზე, ამინდზეა დამოკიდებული. 3 წლიდან, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება თქვა, რომ მხოლოდ 2 წელია ფერმერის. გარდა ამისა, გურიაში უფრო მეტი რისკ-ფაქტორებია, ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში, აქ მეტია ტენიანობა და მეტი მავნებელი და პარაზიტია. აღმოსავლეთში ხეხილს თუ 1 წამლობა სჭირდება, აქ 2 უნდა. გამოწვევები ბევრია, მაგრამ მცდელობას არ ვაკლებთ, მაქსიმალურად ვუვლით ხეხილს. ჯერ ჩვენ ხილის ის რაოდენობა არ გვაქვს, რომ დღეს და ხვალ ექსპორტზე ვიფიქროთ, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, სუპერმარკეტების ქსელებში: აგროჰაბში, ნიკორაში, ლიბრესა და კარფურში, ვყიდით ხილს“, - აცხადებს რევაზ ჩიტიძე.

რაც შეეხება ავოკადოზე მოთხოვნას და სტატისტიკას, საქართველოში ამ ეგზოტიკურ ხილზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, თუმცა, გასულ წელს მან ყველა რეკორდი მოხსნა. საქსტატის მონაცემებით, ავოკადოს იმპორტი 72%-ითაა გაზრდილი. 2023 წლის 9 თვეში (იანვარ-ნოემბერში) ქვეყანამ 1,488.71 ტონა ავოკადო იყიდა, რაშიც 2,386.12 ათასი დოლარი გადაიხადა. 2022 წლის 11 თვის მაჩვენებელი კი 863.29 ტონა ავოკადოს იმპორტია.