მსგავსი ტიპის ინვესტორი საქართველოში არ ყოფილა, ეს არის ისტორიული მოვლენა და ამის შედეგებს წელსვე იგრძნობს ჩვენი ეკონომიკა და თითოეული მოქალაქე, - განუცხადა კომპანია „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ „ქრონიკას“ 6 მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით.
„სხვა ქვეყნების მაგალითის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, Emaar-ის შემოსვლა ძალიან დიდ გავლენას მოახდენს როგორც უძრავი ქონების ბაზარზე, ასევე საქართველოს ეკონომიკაზე. სტატისტიკის გათვალისწინებით, მჯერა, რომ Emaar-ის შემოსვლით უძრავი ქონების ბაზარი კიდევ უფრო გააქტიურდება. ყველა ქვეყანაში, სადაც Emaar-ი შევიდა, მომდევნო 2-3 წელიწადში უძრავი ქონების ფასები, ტრანზაქციების რაოდენობა გაორმაგდა. ეს არის მომხმარებლების ახალი ჯგუფი, რომლებიც შემოვლენ საქართველოში ახლო აღმოსავლეთიდან და კიდევ უფრო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი. უძრავი ქონების ბაზრის გააქტიურება და „დაბუსტვა“ მოგეხსენებათ რა გავლენას ახდენს მთლიან ეკონომიკაზე და როგორი ეფექტი აქვს. ეს აისახება როგორც სამუშაო ადგილების გაზრდაზე, ხალხის დასაქმებაზე, ეკონომიკურ ზრდაზე. მე ვიტყოდი, რომ მსგავსი ტიპის ინვესტორი საქართველოში არ ყოფილა, ეს არის ისტორიული მოვლენა და ამის შედეგებს წელსვე იგრძნობს ჩვენი ეკონომიკა და თითოეული მოქალაქე“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.
დეველოპერული კომპანია ,,Emaar Properties/Eagle Hills''-ი საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს. თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანიასა და ქართულ მხარეს შორის აბუ-დაბიში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, ხოლო კომპანიის მხრიდან დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა მოჰამედ ალი რაშედ ალაბარმა.