„ყველა ვხედავთ თუ რა ეფექტი მივიღეთ კანონპროექტის მიღების შემდეგ, ეს არის  დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინაშე.“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის  ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ უთხრა, მისი თქმით კანონის მიღების შემდეგ 1 დღეში ეროვნული ვალუტის 10-დან 12 პუნქტამდე გაუფასურება ინფლაციის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს გამოიწვევს. 

„ეს ჯერ დასაწყისია, პირველი დღეა, ჩვენ რამდენად მძიმე შედეგს მივიღებთ ჯერ არ ვიცით, იმიტომ რომ 10-დან 12 პუნქტამდე გაუფასურდა ლარი. ასე თუ გაგრძელდა ინფლაციის საკმაოდ  მაღალ მაჩვენებელს  მივიღებთ, იმიტომ რომ ბოლო თვეების განმავლობაში სტაბილური იყო და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

მე ვერ ვიტყვი, რა უნდა მოხდეს და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უკუეფექტი მივიღოთ, საკმაოდ რთული ვითარებაა, უმძიმესი ვითარებაა.

ძალიან მიხარია, რომ დღეს ბიზნეს სექტორის იმ წარმომადგენლებმა, რომლებიც ორჭოფობდნენ ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომ ვერაფერს  ცუდს ვერ ხედავდნენ, მათაც ამოიღეს ხმა.“ - აღნიშნა ივა ჭყონიამ. 

ივა ჭყონია განმარტავს, რომ ევროკავშირი და აშშ აფინანსებენ არა მხოლოდ  არასამთავრობო სექტორს, არამედ სახელმწიფო უწყებებსაც.

 „ეს პირდაპირი მნიშვნელობით ჩვენ ეკონომიკას დაანგრევს, როგორ უნდა შემობრუნდეს ეს უკან ამის  რეცეპტი არ მაქვს, კანონპროექტის უკან გახმობის შემთხვევაშიც კი, რაც ფანტასტიკის სფეროა. სანამ კანონს ვეტო დაედება, დამერწმუნეთ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებიან კომპანიები. საქართველოში ძალიან ბევრი იმპორტდამოკიდებული კომპანიაა, ასევე არის ბევრი კომპანია, რომელიც  იმპორტდამოკიდებულ ნედლეულს მოიხმარს. ცალსახად ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა“ - აღნიშნა ივა ჭყონია.