თბილისის ცენტრში, ჩიქოვანის ქუჩაზე არსებული ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა და 16837 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ელექტრონულ აუქციონზე 28.22 მლნ ლარად „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანია „კოსტავა თაუერსმა“ იყიდა.
ცნობისთვის, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მომიჯნავედ 33,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი შენობაა განთავსებული, რომლის მფლობელიც ასევე „კოსტავა თაუერსია“. კომპანიამ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი შენობა საჯარო აუქციონზე 2022 წელს 65 მილიონ ლარად შეიძინა და მისი დემონტაჟის ნებართვაზე განცხადება უკვე შეტანილი აქვს.
ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ყოფილი შენობის ახალი მფლობელი კომპანია „კოსტავა თაუერსი“ 2022 წელსაა დაფუძნებული და მისი დირექტორი ბიზნესმენი ვასილ ფხაკაძეა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შპს „ველაჯიოა“, რომელსაც თავის მხრივ მალტაში რეგისტრირებული კომპანია „გლობალ ინვესტორს ლიმიტედი“ ფლობს. „გლობალ ინვესტორს ლიმიტედის“ დამფუძნებლები ბიზნესმენების სოსო და ლევან ფხაკაძეების არიან.
