კომპანია Voices.ge დაახლოებით ხუთი წელია რაც ბაზარზეა და მცირე, საშუალო და დიდ ბიზნესს რეკლამის, „ქოლ ცენტრის“ და სხვადასხვა ტიპის გახმოვანების მომსახურებას სთავაზობს. „კომერსანტი“ დაინტერესდა ვინ მუშაობს ამა თუ იმ ბიზნესის ხმოვან შეფუთვაზე, საშუალოდ რა ღირს ხმის ჩაწერა ბიზნესისთვის, ვინ არიან გამხმოვანებლები, ვისი ხმა არის ყველაზე ძვირადღირებული და როგორ ხმებზე აქვს მოთხოვნა ბიზნესს და ამ კითხვებით voices.ge-ს დამფუძნებელ არტურ სტეფანიანს დაუკავშირდა.
როგორც არტურ სტეფანიანი „კომერსანტს“ უყვება, კომპანია თანამშრომლობს ისეთ ბიზნესებთან ან სარეკლამო სააგენტოებთან, რომლებიც კომპლექსურად იღებენ შეკვეთებს ვიდეო ან გრაფიკულ მომსახურებაზე, შეუძლიათ ვიზუალური კონტენტის შექმნა და ხმის ჩაწერა სჭირდებათ.
როგორც სტეფანიანი ყვება თავდაპირველად კომპანიამ სფეროში გამოცდილი და ცნობილი მსახიობებისგან ხმების ბაზა შეადგინა, შემდეგ კი ახალბედა გამხმოვანებლების ძიება დაიწყო.
„თავდაპირველად ბაზა ცნობილი მსახიობებით და იმ ადამიანებით ავაწყვეთ, ვინც ფილმების გახმოვანებაზე მუშაობდნენ, მოგვიანებით დამწყებებსაც მივეცით ამ მიმართულებით განვითარების საშუალება, რამდენიმე თვეში ერთხელ კასტინგს ვაცხადებთ და ბაზებს ვაახლებთ. რაც შეეხება მოთხოვნას, ეს ბიზნესის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, მცირე და საშუალო ბიზნესი ცდილობს ახალბედა გამხმოვანებლის ხმები აირჩიოს, რადგან საშუალო ხმის ავტორი, ვისაც ფასის და ხარისხის იდეალური შეფარდება აქვს, ისინი უფრო მეტად მუშაობენ. ბიზნესების უმეტესობას საშუალება არ აქვს, რომ ცნობადი ხმები გამოიყენონ, შედარებით ნაკლები, თუმცა მაინც მაღალი მოთხოვნაა ცნობად ხმებზეც, მათი ხმა გაცილებით ძვირი ღირს და როგორც წესი დიდი კომპანიები ირჩევენ.
რაც შეეხება ზოგად მოთხოვნას, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ საქართველოში პირველი კომპანია ვართ ვისაც მსგავსი სერვისი ჰქონდა, მოთხოვნა სტაბილურად მზარდია.“ - აღნიშნა არტურ სტეფანიანმა.
როგორც voices.ge-ს საიტზე ვნახულობთ 1 წუთამდე სტანდარტული ტექსტის ჩაწერა საშუალოდ 350 ლარიდან იწყება და 800 ლარამდეც ადის. ბავშვის ხმის ღირებულება კი 250 ლარია, თუმცა ფასი შეიძლება დამკვეთის ამოცანის მიხედვით შეიცვალოს, არტურ სტეფანიანი აღნიშნავს, რომ შესაძლოა დამკვეთს უნდოდეს მხატვრულად წაკითხული ტექსტი, ან რაიმე სხვა მოთხოვნა ჰქონდეს. რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ ხმებს, არტურ სტეფანიანი აღნიშნავს, რომ ყველაზე ძვირი ზურაბ ყიფშიძის, გიორგი გასვიანის და ვანიკო თარხნიშვილის ხმებია.
„ბოლო დროის ტენდენციას თუ დავაკვირდებით ძალიან წამოვიდა კრეატიული ვიდეო კონტენტი, მაგალითად ზუმერს საკმაოდ მაღალბიუჯეტიანი რეკლამები აქვს და მაღალი მოთხოვნაა მხატვრულ კითხვაზე.“ - აღნიშნა არტურ სტეფანიანმა.
კომპანია voices.ge ხმას შვიდ ენაზე წერს, ასევე თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის სტუდიებთანაც, რადგან არის შემთხვევები როდესაც დამკვეთი ტექსტს მაგალითად ბრიტანული ან ამერიკული ინგლისურით ითხოვს.
„ჩვენთან შვიდი ენაა და ამის გარდა ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ხმის ავტორი საზღვარგარეთიდან, ვისთანაც დისტანციურად ვთანამშრომლობთ, მაგალითად თუ დამკვეთს ტექსტი ბრიტანული ინგლისურით უნდა, ვაწერინებთ ბრიტანეთში, ამერიკული აქცენტის მოთხოვნის შემთხვევაში ამერიკაში, მაგალითად გვაქვს შემთხვევები, როდესაც ჩინელები ან ინდოელები გვიკეთებენ შეკვეთას და არ სურთ ბრიტანული ინგლისური და მათთვის უფრო ქართველის მიერ ჩაწერილი ინგლისურია გასაგები, მაშინ გვყავს ქართველი გამხმოვანებლები, რომლებიც ტექსტს ინგლისურად წერენ.
სარეკლამო სააგენტოები მხოლოდ საქართველოდან არ მოგვმართავენ, ჩვენ ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, რუსეთთან, ამერიკასთან, ინგლისთან, ყაზახეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ეს ის ენებია, რაც გაგვაჩნია საიტზე და რაც მოთხოვნადია, თუმცა ხდება, რომ გვიკვეთავენ ესპანურს ან ფრანგულს, ეს ენები ბაზაში არ გვაქვს, მაგრამ ძალიან ბევრ ქვეყანაში გვყავს პარტნიორი უცხოენოვანი ხმის მომწოდებლები და მათ ვუკვეთავთ.
უცხოეთიდანაც შემოდის შეკვეთა და ქართულ ბაზარზე ადაპტაციას ვახდენთ, მაგალითად ისეთი დიდი კომპანიები, როგორიცაა მაკდონალდსი, ალპენ გოლდი, კოკა-კოლა, ეს ბრენდები შეკვეთებს როგორც წესი სათაო ოფისიდან იღებენ, მერე ხდება ამის თარგმნა და ლოკალიზაცია სხვადასხვა ქვეყნისთვის. ხშირად არის საჭიროება, რომ ქართულ, სომხურ და რუსულენოვან ჩანაწერებს ჩვენ ვაკეთებთ,“ - აღნიშნა არტურ სტეფანიანმა.