თბილისში, კაზინო "აჭარაში“, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დღეს კომპიუტერული ტექნიკა და სალარო აპარატი ამოიღო. მათი ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს ერთ-ერთი სამორინეს ხელმძღვანელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების შესაძლო ფაქტებზე. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე და 218-ე მუხლებით.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ თუ ვინ არიან კაზინო აჭარას მფლობელები. როგორც კომპანიის 2021 წლის ანგარიშგებიდან ირკვევა, კომპანია 2000 წელს არის რეგისტრირებული. 2016 წლის 11 თებერვლამდე კომპანია“ფუნქციონირებდა საფირმო სახელწოდებით შპს „კაზინო აჭარა“, 2016 წლის 11 თებერვალს კი შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდა შპს „სანშაინ“.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის მფლობელები ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები არიან. კერძოდ, კაზინოს 10%-იანი წილის მფლობელია კვიპროსში რეგისტრირებული - Solna Leisure Holdings Limited, ხოლო 90%-იან წილს ფლობს ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Gannado Worldwide S.A.

როგორც ანგარიშგებაშია აღნიშნული, ამ უკანასკნელის - Gannado Worldwide S.A-ის 100% წილის მფლობელია შვედეთის მოქალაქე დავით იაკობაშვილი, შესაბამისად „კაზინო აჭარას“ საბოლოო მაკონტროლებელი მხარე არის დავით იაკობაშვილი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ 2013 წლის პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ იაკობაშვილმა Gannado Worldwide-ის მეშვეობით 90%-იანი წილი „კაზინო აჭარაში“ 2011 წლის მაისში 8,72 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება კაზინოს ფინანსურ მაჩვენებლებს, 2021 წლის ბოლოს კომპანიის წმინდა მოგებამ 4 275 840 ლარი შეადგინა. მაშინ როცა 2020 წელი კაზინომ დაბეგვრის შემდეგ 19 009 063 ლარიანი ზარალით დაასრულა.

როგორც ფინანსურ დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, შპს „სანშაინ“ შემოსავალს იღებს სამი ტიპის საქმიანობით: სამორინე, სათამაშო აპარატების სალონი და ბარ-რესტორანი. 2021 წელს მიღებული შემოსავლების ძირითადი 76% მოდის კაზინოს მაგიდებიდან მიღებულ შემოსავალზე, 22%-ი - სათამაშო აპარატებიდან მიღებული შემოსავალია, ხოლო მხოლოდ 2% - ბარ-რესტორნიდან. რაც შეეხება კონკრეტულ ციფრებს, 2021 წელს „კაზინო აჭარამ“ სათამაშო მაგიდებიდან - 17 512 376 ლარის, სათამაშო აპარატებიდან - 5 072 109 ლარის, ბარ-რესტორნიდან კი - 355 555 ლარის შემოსავალი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „კაზინო აჭარას“ წინააღმდეგ გადასახადების თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზების ბრალდებით საგამოძიებო მოქმედებები იწყება. 2015 წლის აგვისტოში კაზინოში საგამოძიებო სამსახური ზუსტად ანალოგიური მოტივით შევიდა. როგორც მაშინ უწყებაში აცხადებდნენ, „კაზინო აჭარა“ სისტემატურად თავს არიდებდა გადასახადების გადახდას. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად კი კაზინოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად 19 269 277 ლარი დაეკისრა.

„ქართული ოცნების“ ხელსიუფლებაში მოსვლის შემდეგ პერიოდში, კაზინოს ირგვლივ კიდევ ერთი სკანდალი აგორდა. კერძოდ, 2013 წლის დასაწყისში პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივანე ჩიღვინაძე კაზინო ”აჭარაში” ”საკუთარი წილის დაბრუნებას” ითხოვდა. ჩიღვინაძის განცხადებით, მან კაზინოში მილიონი დოლარი ჩადო და მისი ერთ-ერთი მოწილე გახდა, მაგრამ 2009 წელს, როდესაც ბიზნესიდან პოლიტიკაში ჩაერთო, კერძოდ კი, გაერთიანებულ ოპოზიციას შეუერთდა, "აჭარის" ყოფილმა მეპატრონემ, თემურ უგულავამ კონტრაქტი შეუწყვიტა. ჩადებული ფული კი გაურკვეველ ანგარიშზე ჩარიცხა და ეს თანხა ჩიღვინაძეს არ მიუღია. ივა ჩიღვინაძე 2011 წლის 26 მაისის ღამეს დააკავეს და ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით 2013 წელს გამოვიდა. ჩიღვინაძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელის უზრუნველსაყოფად კი კაზინოს მოძრავი ქონება დააყადაღეს. იმ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით კაზინო "აჭარას" უკან რეალურად დავით კეზერაშვილი იდგა და იაკობაშვილმა ის სწორედ მისი დახმარებით ჩაიგდო ხელში. იაკობაშვილი კეზერაშვილთან ნაცნობობას არ უარყოფს, არც იმას მალავს, რომ მისგან გარკვეული აქტივები მართლაც შეიძინა, მაგრამ არა თავად "აჭარა".

bpn.ge